პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრმა გერმანიის ელჩს თანამშრომლობის სფეროში ახალი ინიციატივები გააცნო

19.04.21 17:00


იუსტიციის მინისტრმა გერმანიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

 

რატი ბრეგაძემ ჰუბერტ ქნირშსთან საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების მიმართულებით გერმანიის გამოცდილების გაზიარება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ გერმანიის ელჩს საქართველოსა და გერმანიის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკუთარი ხედვა გააცნო.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, მისი ინიციატივაა, დაიწყოს მუშაობა ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტზე, რომელიც გერმანიასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმდება და საქართველოს იუსტიციის სისტემას დაეხმარება გერმანული მართლმსაჯულების გამოცდილების გაზიარებაში.

 

როგორც რატი ბრეგაძემ განაცხადა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ინსტიტუციური გამოცდილების გაზიარება საქართველოსა და გერმანიის იუსტიციის სამინისტროებს შორის. ამის საუკეთესო მოდელი შეიძლება იყოს თანამშრომელთა მივლინებები გერმანიასა და საქართველოში პრაქტიკული საქმიანობისა და ორგანიზაციული მოწყობის მიმართულებებით გამოცდილების მისაღებად.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჰუბერტ ქნირშსთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანიის გამოცდილების გაზიარება ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პენიტენციური სისტემის განვითარებისა და, განსაკუთრებით, მსჯავრდებულთა განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროცესში.

 

საუბარი შეეხო, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებს. რატი ბრეგაძის თქმით, სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის საქმიანობის საფუძველი იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი სტანდარტისა და სახელმწიფოს სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროცესის შემდგომი განვითარება.

 

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ამ მიმართულებებით მიღწეული პროგრესი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს მთავრობის საბოლოო მიზანს − 2024 წლისთვის შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ეს კი, იქნება საქართველოს მთავრობის, პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოებისა და მთლიანად საქართველოს მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები