პოლიტიკა

გიგი წერეთელი - პროცესი დაემსგავსა ტყვეთა გაცვლის პროცედურას, როდესაც თითოეულ დღეზე და საათზეც კი ვაჭრობა მიდის

10.05.21 11:45


უპრეცედენტო რამ მოხდა, როდესაც ევროკავშირმა გირაო შეიტანა, ამით დაადასტურა ის, რომ ნიკა მელია არის პოლიტპატიმარი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ნიკა მელია ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხეა ხელისუფლებისთვის, შესაბამისად, ყველაფერს აკეთებენ, რომ მისი გათავისუფლების პროცესი გაწელონ.

 

„ეს ამბავი უნდა დასრულდეს და ნიკა მელია უნდა იყოს თავისუფალი. ჩვენ ვნახეთ ეს ეპოპეა როგორ წარიმართა. კარგი იქნებოდა შეთანხმება ისე მომხდარიყო, რომ ამ პროცესის გაწელვა და დაძაბულობა არ ყოფილიყო საჭირო. უპრეცედენტო რამ მოხდა, როდესაც ევროკავშირმა გირაო შეიტანა და ამით დაადასტურა ის, რომ მელია არის პოლიტპატიმარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი იყოს თავისუფალი, შეეძლოს მიიღოს მონაწილეობა განხილვებში, რომელიც ძალიან სწრაფად უნდა დაიწყოს. წინ არის ადგილობრივი არჩევნები, რომელიც სამწუხაროდ, მიბმულია ვადამდელ არჩევნებთან და ახლა ოპოზიციისთვის არის მნიშვნელოვანი კარგი კოორდინაცია და ტაქტიკა, რომ „ოცნებამ“ ვერ მიაღწიოს 43%-იან თამასას, რომელიც ამ შეთანხმებაში დევს.

 

ეს პროცესი დაემსგავსა ტყვეთა გაცვლის პროცედურას, როდესაც თითოეულ დღეზე და საათზეც კი ვაჭრობა მიდის. მესმის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მძიმე დარტყმაა, როდესაც პოლიტპატიმარი ჰყავს და გამოდის საპატიმროდან. ნიკა მელია ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხეა ხელისუფლებისთვის, შესაბამისად, ყველაფერს აკეთებენ, რომ პროცესი გაწელონ. ეს არის უგუნური საქციელი. რაც უფრო მალე დასრულდება ეს პროცესი და დაიწყება პოლიტიკური ვითარების ნორმალიზაცია, ეს უნდა იყოს ხელისუფლების ინტერესი“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

 

გიგი წერეთლის განცხადებით, იქნება თუ არა ნიკა მელია ოპოზიციის მერობის ერთიანი კანდიდატი, ჯერ უცნობია და ამაზე მსჯელობა უნდა წარიმართოს.

 

„,ამოცანა არის საკმაოდ რთული, რომ ხელისუფლებამ ვერ მიიღოს 43%, ოპოზიციამ უნდა აჩვენოს ძალიან მაღალი შედეგი. მოხდება ეს ერთიანი კანდიდატის პირობებში თუ სხვა მოდელით, ამაზე საჭიროა მსჯელობა და ნიკა მელია იქნება ერთ-ერთი ადამიანი, ვისი სიტყვაც იქნება მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები