პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე - გილოცავთ, კიდევ ერთი პოლიტპატიმრით ნაკლები გვეყოლება - ყველაფერი კარგად იქნება და „ქართული ოცნებაც“ ხელისუფლებას ჩამოშორდება

10.05.21 18:00


გილოცავთ ყველას! კიდევ ერთი პოლიტპატიმრით ნაკლები გვეყოლება. ვულოცავ, ნიკას, მის ოჯახის წევრებს - წინ სწორად მივდივართ, კარგად მივდივართ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისივე თქმით, ყველაფერი კარგად იქნება, ხოლო „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოშორდება.

 

„დიდი მადლობა ევროპას, ამერიკას, მადლობა შარლ მიშელს, ქალბატონ კელი დეგნანს, ბატონ კარლ ჰარცელს. წინ სწორად მივდივართ, კარგად მივდივართ. ნელ-ნელა ქვეყანაში სიტუაცია განიმუხტება და ყველა დავინახავთ, რომ შეთანხმება, რომელსაც ხელი მოვაწერთ, ნამდვილად ის შეთანხმებაა, რომელიც ქვეყანას სტაბილიზაციისკენ წაიყვანს. ხელისუფლების ცვლილებისკენ! წინ ძალიან საინტერესო დღეები გვაქვს.

 

ორკვირიანი ნერვების აშლილობის ტრანსფორმაცია დამშვიდებულ ნერვებში უნდა მოვახდინოთ. განსხვავებულ აზრს უნდა მივეჩვიოთ, მესამე ცენტრიც იქნება, ყველაფერი კარგად იქნება და „ქართული ოცნებაც“ ხელისუფლებას ჩამოშორდება.

 

მე ემოციურ თავდასხმებს ველოდი კიდეც, გარკვეულ პოლიტიკოსებს ცოტა აღზრდა და გაზრდაც სჭირდებათ, რომ არ გადავიდნენ ხოლმე პერსონალურ თავდასხმებამდე“, - განაცხადა ვაშაძემ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.

 

ნიკა მელიას გირაოს თანხა - 40 000 ლარი ევროკავშირმა ორი დღის წინ გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.

 

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა 13 აპრილს.

 

ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

 

პროკურატურას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი 88 ხმით მოუხსნა.

 

ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები