პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

07.06.21 16:00


პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას, განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები, ამ პროცესში განხორციელებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი. აღინიშნა, რომ საქართველო 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად ემზადება.

 

შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის მნიშვნელობა, რაც თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ხსნის. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის ლატვიას მადლობა გადაუხადა.

 

საუბრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. აღინიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში, რაც მას არსებული ვითარების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.

 

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინგრიდა ლევრენცე, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამმართველოს მეორე მდივანი ასპარს მეკონსი, ხოლო საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე ესწრებოდნენ.

 

ინფორმაციისთვის, 7-8 ივნისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩი სტუმრობს.

 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან.

 

საქართველოში ყოფნისას, ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

 

ამასთან, ედგარს რინკევიჩი პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, იგი ასევე საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერს გააკეთებს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები