პოლიტიკა

პარტიამ, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, შესაძლოა საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგოს

10.06.21 15:20


10 ივნისის პლენარული სხდომის მთავარი საკითხი საკანონმდებლო პაკეტი იქნება, რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს.


ამ მიმართულებით "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში, "საარჩევნო კოდექსში" და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს.

 

საკანონმდებლო პაკეტი “ქართული ოცნების“ ინიციატივაა, რომელიც პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარედგინა, პირველი მოსმენით მალევე მიიღეს და დასკვისთვის ვენეციის კომისიას გაეგზავნა.

 

პირველი მოსმენით განხილვის დროს კანონპროექტი დაკორექტირდა და მასში გარკვეული ცვლილებები აისახა. პროექტი მეორე მოსმენით განხილვისთვის შემდეგი ფორმით არის წარდგენილი: - პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანების მიღების უფლებას კარგავს, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობა მის მიერ მიღებული მანდატების ნახევრამდე მაინც შემცირდება. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.

 

ამასთან, პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუჩერდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.

 

საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები