პოლიტიკა

The Heritage Foundation: დროა, ბოლო მოეღოს რუსეთის ვეტოს საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე

10.06.21 17:00


საქართველო ნატოში ვერ წევრიანდება, რადგან კრემლს საქართველოს ალიანსის მიღმა დატოვება უფრო სურს, ვიდრე ალიანსს საქართველოს მიღება, - ამის შესახებ ნათქვამია ლუკ კოფისა და ჯეიმს კარაფანოს სტატიაში სათაურით „დროა, ბოლო მოეღოს რუსეთის ვეტოს საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე“.

 

„რუსეთმა გააუმჯობესა თავისი მეზობლების ევროატლანტიკური მისწრაფებების დაბლოკვის ფორმულა: შეჭრა და ნაწილობრივი ოკუპაცია. მოსკოვმა ეს ფორმულა საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წელს გამოიყენა. მოლდოვა დნესტრისპირეთში ანალოგიურ სიტუაციაშია. რუსეთის მავნე ქმედებებმა საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში და ტრანსატლანტიკური საზოგადოების უუნარობამ მოსკოვს დე ფაქტო ვეტოს უფლება მისცა. მარტივად რომ ვთქვათ, სრულყო. ნატოსა და ქართველ პოლიტიკოსებს შეუძლიათ ან შემოქმედებითად შექმნან რეალისტური და გონივრული გზა საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად, ან შეუძლიათ შემდგომშიც რუსეთს ნება დართონ, ნატოს გაფართოებას ვეტო დაადოს“, - ნათქვამია სტატიაში.

 

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ აშშ-მა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას 1949 წლის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-6 მუხლის დროებითი შეცვლით, წევრობის სამოქმედო გეგმის მიმდინარე პროცესის გეოპოლიტიკური გეოპოლიტიკური გარემოებების შესაფერისით ჩანაცვლებით და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს მოკავშირეებთან ამგვარი ნაბიჯების მხარდაჭერის კოალიციის შესაქმნელად მჭიდრო თანამშრომლობით.

 

„ნატოს ზოგიერთი წევრი შეშფოთებულია, რომ საქართველოს ალიანსში შესვლა რუსეთთან ომს გამოიწვევს, რადგან მოსკოვმა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების ოკუპაცია მოახდინა. ეს შეშფოთება ეფუძნება 1949 წლის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლს, რომელიც მისი წევრების უსაფრთხოების გარანტიას უზრუნველყოფს. ასეთ შემთხვევაში, ნატო ვალდებული იქნება დაეხმაროს თავის ახალ წევრ საქართველოს ტერიტორიის გათავისუფლებაში.

სულაც არ არის აუცილებელი, რომ ეს ასე მოხდეს. ქართველი ოფიციალური პირები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ისინი სიამოვნებით მიიღებენ ნატოში გაწევრიანების შეთანხმებას ან კომპრომისს, რომელიც ორ ოკუპირებულ რეგიონს ნატოს მე-5 მუხლის უსაფრთხოების გარანტიიდან გამორიცხავს, სანამ საკითხი მშვიდობიანად არ გადაწყდება. ამ სცენარის თანახმად, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია, მათ შორის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები აფხაზეთი და ცხინვალი, შეიძლება მიწვეულ იქნას ნატოში გაწევრიანების მიზნით. ამასთან, ამ ეტაპზე მხოლოდ ორი ოკუპირებული რეგიონის გარეთ მდებარე ტერიტორია მიიღებს მე-5 მუხლით გათვალისწინებულ უსაფრთხოების გარანტიას. აღნიშნულის განხორციელების მიზნით, ნატო შეცვლის 1949 წლის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-6 მუხლს, რომელიც განსაზღვრავს, თუ სად გამოიყენება მე-5 მუხლი. მე-6 მუხლის ამ გზით შესწორება მხოლოდ დროებითი ზომა იქნება, რომელიც ამოიწურება მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აღდგება“, - ნათქვამიაბ სტატიაში.

 

სტატიის ავტორები ასევე აცხადებენ, რომ კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ნატომ უნდა განიხილოს, წევრობის სამოქმედო გეგმას (MAP) ეხება.

 

„MAP-ის პროცესმა კარგად იმუშავა 15-20 წლის წინ, როდესაც ნატოს გაფართოების საკითხი ძირითადად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ეხებოდა.

ამასთან, დროა MAP-ის გადახედვა მოხდეს იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც უნიკალური გეოპოლიტიკური გარემოებები აქვთ, მაგალითად, საქართველო.

ბუქარესტის სამიტიდან 13 წლის შემდეგ აშკარაა, რომ MAP-ი ხელს არ უწყობს საქართველოს ნატოში გაწევრიანების რეალისტური, გონივრული და საპასუხისმგებლო გზის შექმნას“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

სტატიის ავტორები წერენ, რომ ნატოს წევრები, რომლებიც საქართველოს ალიანსში მიღებაზე ყოყმანობენ, MAP-ის საკითხს იყენებენ, როგორც საქართველოს პროგრესის დაბლოკვის საშუალებას. შესაბამისად, მხოლოდ რუსები სარგებლობენ ამ იმედგაცრუებით, რომელიც MAP-ზე დისკუსიის შედეგად შეიქმნა. ნატოს ყოველი სამიტი, რომელზეც საქართველო MAP-ს არ იღებს, რუსეთის პროპაგანდისტული გამარჯვებაა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ნატოს შემდგომ გაფართოებას „პროვოკაცია“ უწოდა, არცერთ მესამე მხარეს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება. უფრო მეტიც, ალიანსის შემადგენლობაში შედიან დემოკრატიული ქვეყნები, რომლებმაც თავად უნდა გადაწყვიტონ ახალი წევრების მიღება. ალიანსის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება მოითხოვს ერთსულოვნებას, მათ შორის გაფართოებასთან დაკავშირებით. ნატოში საქართველოს გაწევრიანება მეტ სტაბილურობას მოუტანს სამხრეთ კავკასიასა და ტრანსატლანტიკურ რეგიონს“, - აღნიშნავენ სტატიის ავტორები.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები