პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: დევნილების უფლებების დაცვა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ჩვენი დიპლომატიური სამსახური მუდმივ რეჟიმში მუშაობს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის გასამტკიცებლად

17.06.21 13:00


დავით ზალკალიანი გაეროს მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ქვეყნის წარმომადგენელს, ვინც დოკუმენტს მხარი დაუჭირა.

 

„გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და ამით ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს კიდევ ერთხელ გამოუცხადა თანადგომა და მხარდაჭერა. უნდა აღინიშნოს, რომ წელს, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია თანასპონსორთა რაოდენობა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მიმართ საერთაშორისო საზოგადოების სოლიდარობას. მეტიც, ამ ნაბიჯით საერთაშორისო თანამეგობრობა ხაზს უსვამს, რომ თავად არის ჩართული ამ უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრის საქმეში“ - განაცხადა ზალკალიანმა.

 

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დევნილთა უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

 

„დევნილების უფლებების დაცვა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ჩვენი დიპლომატიური სამსახური მუდმივ რეჟიმში მუშაობს ამ საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის გასამტკიცებლად“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ COVID-19 პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს გასული წლის მსგავსად, წელსაც საგანგებო პირობებში მოუხდა რეზოლუციის მხარდამჭერი კამპანიის წარმოება. მინისტრი მიიჩნევს, რომ ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ პანდემიით გამოწვეული რეგულაციებისა და შეზღუდვების მიუხედავად, საქართველომ ამჯერადაც შეძლო და შეინარჩუნა ყოველწლიური დინამიკა, რაც გამოიხატა, როგორც დევნილების შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის მიღებაში.

 

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 75-ე სესიის ფარგლებში მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 56 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 514


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები