პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი - დღეს თუ რამე სჭირდება სასამართლოს, ეს ნდობის დაბრუნებაა

21.07.21 12:20


მოდით, ვიდრე სასამართლოს მიმართ უცხოელების კრიტიკაზე ვიტყვით, ჯერ ჩვენი ქეთო ვიტიროთ, – ასე უპასუხა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „თავისუფალი ხედვა“ წამყვანის შეკითხვას, როგორ შეაფასებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დამტკიცებასთან დაკავშირებით დასავლეთის გზავნილებს.

 

„რაც მართალია, მართალია – მოსამართლეების საკითხზე მთელი კვირა მიდიოდა განხილვები. მე წევრი არ ვარ, მაგრამ იურიდიულ კომიტეტზე მეც ვესწრებოდი და კანდიდატებს კითხვებს ვუსვამდი. სიმართლე გითხრათ, ჩემზე ორმა მოსამართლემ დატოვა კარგი შთაბეჭდილება და ორივე ქალბატონი იყო, მაგრამ არც ერთს არ დაუჭირეს მხარი. ერთი ძალიან ტოქსიკური მოსამართლე იყო, თუ არ ვცდები, გვარად შავლიაშილი და ის ჩააგდეს. ესეც სიმართლეა და უნდა ვთქვათ, თუმცა, დაამტკიცეს სხვები, რომლებსაც ასევე ძალიან მძიმე წარსული აქვთ. ერთ მოსამართლეს ვერაფრით ვათქმევინე, ზურაბ ადეიშვილი ახდენდა თუ არა გავლენას სასამართლოზე და პროკურატურაზე. აი, ეს ვერ გაბედა, მანამდე კი რაღაცას მებაქიბუქებოდა, ძალიან პრინციპული ვარ და გამორიცხულია, ჩემზე ვიღაცამ ზეწოლა მოახდინოსო. არადა, იმის გამბედაობა არ ეყო, ეთქვა, რომ ადეიშვილი ახდენდა გავლენას. წინა მთავრობის ხალხზე ვერ თქვა, არათუ სხვაზე. ლევან მურუსიძე ძალიან მაგარიაო, თქვა, ცოტნე დადიანად გამოიყვანა და აი, ასეთი ხალხი დაამტკიცეს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

მისი თქმით, სასამართლოს პრობლემა ისაა, რომ ნდობა არ აქვს, ასეთი მოსამართლეების დანიშვნა კი სანდოობის საკითხს უფრო აზიანებს.

 

„ამ მოსამართლეების დამტკიცებამ სასამართლოს ნდობა გაუზარდა? „ქართულ ოცნებას“ ხან რაღაც კვლევა მოჰყავს და ხან რაღაც, მაგრამ ყველა ხომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვიცით, რომ მაგალითად, ჯარი იწვევს პატივისცემას, რაც ყველა კვლევაშია და ობიექტურად ასეა, რადგან ჩვენ ჩვენი არმია და თავდაცვის ძალები გვეამაყება, ვიცით, რომ ეკლესიისადმი არის ძალიან დიდი ნდობა და სტაბილურად ასეა. დანარჩენი, მეტ-ნაკლებად იცვლება ხოლმე, მაგრამ სასამართლოს ხომ არავინ ვენდობით, არა?“, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, თუ სასამართლოს დღეს რამე სჭირდება, ეს ნდობის დაბრუნებაა.

 

„ნორმალურ ქვეყნებში მოსამართლეები ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ხალხია. აშშ-ში უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იცის ყველამ. ისინი ამერიკის სინდისად და გონებად ითვლებიან და ჩვენთან როგორაა? ლევან მურუსიძე კი, ჭკვიანი და დიდი შებერტყილი კაცი ჩანს, მაგრამ პატივისცემას იწვევს? ეს ხომ რაღაცამ განაპირობა? ცარიელ ადგილზე ხომ არ ჩნდება ადამიანის რეპუტაცია. რეპუტაციას რაღაც კონკრეტული ქმედებები, ან ქმედებათა ერთობლიობა ქმნის და ლევან მურუსიძე არის უკვე დაზიანებული რეპუტაცია, ეს დაზიანებული რეპუტაციის კაცი კი იძახის, სასამართლოს ლიდერი ვარო და დანარჩენი მოსამართლეებიც ამას იძახიან“, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

ამასთან, ალეკო ელისაშვილის შეფასებით, ამ პროცესმა სასამართლოს ნდობა არ შესძინა და პლუს, ქვეყანამ გარედან დარტყმები მიიღო.

 

„შარლ მიშელმა ხომ თქვა, სიტყვა-სიტყვით, რომ მართლმსაჯულების რეფორმა მიბმულია ფინანსურ დახმარებასთან და ა.შ.“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები