პოლიტიკა

პარლამენტის განათლების კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველ სამუშაო შეხვედრაზე განათლების რეფორმაზე მსჯელობენ

21.07.21 16:40


პარლამენტის განათლების კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველ სამუშაო შეხვედრაზე განათლების რეფორმაზე მსჯელობენ.

 

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით და UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით, კაჭრეთში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან ზოგადი, არაფორმალური და სკოლამდელი განათლების მიმართულებით არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

 

სამუშაო შეხვედრაზე ზოგადი განათლების რეფორმის გამოწვევებთან და გადაჭრის გზებთან დაკავშირებით, ასევე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ე.წ. ახალი სკოლის კონცეფციის შესახებ მსჯელობენ.

 

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გახსნა.

 

„სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო კარგი პლატფორმაა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და დარგის ექსპერტებთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილოთ“, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, საბჭო დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტებით და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით, რომელთა საქმიანობაც საქართველოში განათლების სისტემის რეფორმაზეა ორიენტირებული.

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ზუსტად მოვახდინოთ იმ პრობლემებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება, რომელიც აქვს განათლების სისტემას სასკოლო, სკოლამდელი თუ არაფორმალური განათლების მიმართულებით, ასევე, განვსაზღვროთ სამოქმედო გეგმა და რეკომენდაციები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი განათლების სისტემა უფრო პროგრესული იყოს და მოერგოს იმ საჭიროებებს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას გააჩნია“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განმარტებით, მიმდინარე რეფორმაზე მსჯელობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ზოგადი განათლება იქნას შეთავაზებული მოსწავლეებისთვის. „ეს არის ჰოლისტური მიდგომა, რომელიც არა მარტო მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას, არამედ სკოლის მმართველობას, მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას და შეფასებას ეხება“, -აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.

 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების მენეჯერმა, ნინო ყოჩიაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ევროკავშირის როლსა და თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

„გასული 5 წლის განმავლობაში ადამიანური კაპიტალის განვითარება იყო ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.

2022-2027 წლებშიც ადამიანური კაპიტალი, მმართველობასთან და ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, რჩება ჩვენს პრიორიტეტულ ქვაკუთხედად“, - განაცხადა ნინო ყოჩიაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები