საზოგადოება

„საქართველო რეალურად არის მეოთხე ტალღის ფაზაში“ - ივანე ჩხაიძე

21.07.21 17:40


„ბოლო 8 თვის განმავლობაში პრაქტიკულად მივიღეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული, რაც ნიშნავს, რომ საქართველო რეალურად არის მეოთხე ტალღის ფაზაში. ეს ტალღა დაიწყო 24 ივნისიდან და დღემდე გრძელდება“, - აღნიშნულის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.


მისი თქმით, დღეისათვის კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც ცნობილია სახელწოდებით „ლამბდა“, უკვე მრავალ ქვეყანაშია დაფიქსირებული.

 

„ლამბდა შტამი დღეისათვის მსოფლიოს 29 ქვეყანაშია დაფიქსირებული. ერთადერთი ქვეყანა, სადაც ის უპირატესი გავრცელებით გამოირჩევა, ეს არის პერუ. იქ ინფიცირებულთა 82% „ლამბდა“ შტამითაა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მას აფასებს, როგორც ინტერესის ვარიანტს, შესაბამისად არ მიიჩნევს, რომ ის არის შეშფოთების ვარიანტი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

ჯანმოს ექსპერტის ცნობით, ეს შედარებით ახალგაზრდა შტამია. ის ძირითადად აშშ-ში ვრცელდება, თუმცა ამ დროისთვის უკვე 30-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შტამი „შემაშფოთებელი ვარიანტების“ სიაში ჯერ კიდევ არ შეუყვანია. WHO მას „ინტერესის სიაში“ ტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გადამდებია ან მრავალ ქვეყანაში ფიქსირდება.

 

„პანამერიკული ჯანდაცვის ორგანიზაციის” (PAHO) თანახმად, პერუში „ლამბდა“ დომინანტი შტამია. მაისსა და ივნისში პერუში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევების თითქმის 82% ლამბდაზე მოდის.

 

მაშინ, როცა პერუში ის დომინანტი შტამია, ლამბდაზე ჩილეში მაისსა და ივნისში აღწერილი ახალი შემთხვევების 31% მოდის. ამის გამო, PAHO-ს თანახმად, არ არსებობს ნათელი მტკიცებულება, რომ ის უფრო გადამდები ვარიანტია.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი, ხოლო 943 პირი გამოჯანმრთელდა.

 

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 393 360-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 618 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 368 073 პირი.

 

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,42%, ბოლო 14 დღის - 5,03%, ბოლო 7 დღის - 5,53%-ია.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები