პოლიტიკა

პრემიერ მინისტრი: „ფაიზერის“ მილიონი დოზა, ალბათ, ერთ თვეში, თვენახევარში შემოვა ეტაპობრივად

26.07.21 14:00


პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ფაიზერის ვაქცინის ერთი მილიონი დოზა საქართველოში ეტაპობრივად დაახლოებით თვე-ნახევარში შემოვა.

 

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და განმარტა, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში ორი მილიონი ვაქცინაა.

 

რამდენიმე დღის წინ ჩვენ მივიღეთ ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა.

ეს არის აშშ-ის დახმარება, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამერიკას და პირადად პრეზიდენტ ბაიდენს ამ საჩუქრისთვის, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯამში ქვეყანაშია 2 მილიონი ვაქცინა – 1,5 მილიონი ჩინური ვაქცინა და ნახევარი მილიონი „ფაიზერი“.

 

„ამას გარდა, მილიონი „ფაიზერი“ პირდაპირ, უშუალოდ მწარმოებელს დავუკვეთეთ და ამ მილიონი დოზის მოწოდება უკვე დაწყებულია. პროცესი მიმდინარეობს. ჯამში ჩვენ გვექნება 3 მილიონი ვაქცინა. 2 მილიონი ადგილზეა, 1 მილიონი შემოვა ერთ თვეში, მაქსიმუმ თვე-ნახევარში, ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას. მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართო თხოვნით და კიდევ ერთხელ ავუხსნა ვაქცინაციის მნიშვნელობა. ძალიან ბევრი კითხვა ისმის, თუ რატომ არის აუცილებელი ვაქცინაციის ჩატარება. მთავარი პასუხი და არგუმენტი, რომელიც მინდა გავუზიარო ჩვენს მოსახლეობას, არის ის, რომ აცრის შემდეგ, გარდაცვალება, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის, პრაქტიკულად გამორიცხულია. შესაბამისად, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, ჩავიტაროთ აცრა, დავიცვათ საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი ჯანმრთელობა და ამასთანავე, ჩვენი მშობლების, შვილების, ახლობლების ჯანმრთელობა. ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება ზოგადად ვაქცინების თაობაზე. მინდა, მოსახლეობას ვთხოვო, დავეყრდნოთ და დავუჯეროთ მეცნიერებს და მეცნიერებას და არა „ფეისბუქის“ საშუალებით გავრცელებულ ათას ტყუილს, ჭორ-მართალს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები