პოლიტიკა

პარლამენტმა ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე და ორი პროფესიონალი წევრი მესამე კენჭისყრითაც ვერ აირჩია

26.07.21 15:00


პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ასარჩევად წარმოდგენილ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს კიდევ ერთხელ, მესამედ უყარეს კენჭი, თუმცა, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, მათი არჩევა ვერც ამ შემთხვევაში მოხერხდა.

 

ცესკოს თავმჯდომარეობის ერთმა კანდიდატმა - გიორგი კალანდარიშვილმა 81 დეპუტატის ხმა მიიღო, 7 წინააღმდეგი იყო, მეორე კანდიდატს - გიორგი სანტურიანს 3-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, 8-მ მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

 

რაც შეეხება კომისიის წევრობის კანდიდატთა ხმებს: გია ცაცაშვილი - 77 მომხრე, 7 წინააღმდეგი; ლელა ტალიური - 17 მომხრე, 0 წინააღმდეგი; თამარ სართანია - 14 მომხრე, 5 წინააღმდეგი, მაია ზარიძე - 78 მომხრე, 5 წინააღმდეგი.

 

რადგან დეპუტატებმა თანამდებობაზე პირთა არჩევა კვლავ ვერ შეძლეს, გაიმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

 

რადგან ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს წევრები უკვე პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევიან, მათი უფლებამოსილების ვადა 6 თვე იქნება.

 

იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების არჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით მოხერხდებოდა, მათი უფლებამოსილების ვადა 5 წელი იქნებოდა.

 

ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების პირველი კენჭისყრა რიგგარეშე სესიის 18 ივლისის პლენარულ სხდომაზე ჩატარდა, მეორე - 22 ივლისის სხდომაზე.

 

მეორე კენჭისყრის დროს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარმოდგენილ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 11-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. მეორე კანდიდატურამ, გიორგი სანტურიანმა 4 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, 11 კი, წინააღმდეგი იყო.

 

22 ივლისის სხდომაზე, ცესკოს წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილ გია ცაცაშვილის კანდიდატურას მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა, 10-მა კი, წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო მეორე კანდიდატმა, ლელა ტალიურმა 18 ხმა მიიღო, წინააღმდეგი 2 დეპუტატი იყო. მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილ თამარ სართანიას კანდიდატურას მხარი 18 დეპუტატმა დაუჭირა, 2-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. მეორე კანდიდატმა, მაია ზარიძემ 77 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, 10-ის წინააღმდეგ.

 

საარჩევნო კომისიის უკვე ყოფილი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ცნობილი 30 ივნისს გახდა.

 

 

 

წყარო : /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები