პოლიტიკა

დავით ზალკალიანი - მთელ საქართველოს ვულოცავ საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის საერთაშორისო აღიარებას

27.07.21 12:20


მთელ საქართველოს ვულოცავ საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის საერთაშორისო აღიარებას, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოში იუნისეკო-ს საქმეთა ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

„საქართველოს ნომინაცია „კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები“ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. მთელ საქართველოს და თითოეულ თქვენგანს ვულოცავ ამ უდიდეს წარმატებას, ასევე მადლობას ვუხდი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელმაც, საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით, მნიშვნელოვანი სამუშაო გაწია ამ აღიარების მოსაპოვებლად“, – წერს დავით ზალკალიანი „ფეისბუქში“.

 

მინისტრის განცხადებით, გეოგრაფიული მრავალგვარობა და ბუნებრივი სიმდიდრე ქვეყნის სახეს განსაზღვრავს და იმ განსაკუთრებულ მუხტს სძენს, რომელსაც წინაპრები საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადასცემდნენ.

 

„ბუნებრივი მემკვიდრეობა ეს ის სიმდიდრე და ფასეულობაა, რომელიც ყველა ჩვენგანს ეკუთვნის. სწორედ ამიტომ, თითოეულმა მოქალაქემ კარგად უნდა გააცნობიეროს თავისი როლი მისი მოვლა-პატრონობის საქმეში. ეს მემკვიდრეობა ჩვენ წარსულიდან გვერგო, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ მისი აწმყოსთან და მომავალთან დაკავშირება. ჩვენ, თანამედროვე საზოგადოებამ, პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და თვალის ჩინივით დავიცვათ ის, რაც ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს, რაც ქართველისთვის სიწმინდესთანაა გაიგივებული და რაც საკუთარ თავში ჩვენი რწმენის წყაროა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უდიდეს მიღწევას და საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის საერთაშორისო აღიარებას“, – წერს დავით ზალკალიანი.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები