საზოგადოება

პატრიარქი პრემიერს ანჩისხატის ხელოვნების მუზეუმიდან ტაძარში გადაბრძანების თხოვნით მიმართავს

03.08.21 13:00


პატრიარქი ილია მეორე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ვიცე-პრემიერს თეა წულუკიანს წერილით მიმართავს.


„ბატონო ირაკლი, მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გამო:

 

მოგეხსენებათ, საქართველოში, ღვთის განგებით, ჩამობრძანდა ქრისტიანული სამყაროს გამორჩეული სიწმინდე, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ანჩისხატად - „პირი ღვთისად“ წოდებული, რომელიც ამჟამად ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

 

ჩვენ დიდი ხანია ხელისუფლების წინაშე ვაყენებთ საკითხს ეკლესიისთვის მისი გადმოცემის თაობაზე: მზაობა ყოველთვის იყო, მაგრამ ითხოვდნენ, რომ სიწმინდის დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის სათანადო პირობები შექმნილიყო.

 

ანჩისხატის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფმა (ხელმძღვანელი: ბატონი ზაზა ნანობაშვილი) ამ მხრივ დიდი სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც გერმანული კომპანიის მიერ მაღალი ტექნოლოგიებით დამზადდა და ანჩისხატის ტაძარში დამონტაჟდა ხატის ჩასაბრძანებელი კიოტი, ჩატარდა სხვა სამუშაოებიც.

 

მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ ჩვენი ხალხისათვის ამ უდიდესი სიწმინდის საეკლესიო სივრცეში ჰყოფნის და მის წინაშე მუდმივი ლოცვის მნიშვნელობა და გადმოსცეთ იგი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ანჩისხატის ტაძარში დასაბრძანებლად. ვიმედოვნებთ, მის დაცვას ერთობლივად უზრუნველვყოფთ, რაც სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთთანამშრომლობის ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება იქცეს.

 

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ წელს აღვნიშნავთ ამ ტაძრის აგებიდან 1500 წლისთავს და თქვენ მიერ გაცემული ნებართვა ხატის ეკლესიაში განთავსებაზე იქნება საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული უდიდესი საჩუქარი.ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ“, - ნათქვამია პატრიარქის წერილში.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები