პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს - ჩვენს საერთო რეგიონალურ მიზანს 3 სიტყვაში ჩავატევდი, ეს არის: მშვიდობა,სტაბილურობა და კეთილდღეობა

08.09.21 16:40


ჩვენს საერთო რეგიონალურ მიზანს 3 სიტყვაში ჩავატევდი, ეს არის მშვიდობა,სტაბილურობა და კეთილდღეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავის სომეხ კოლეგა, ნიკოლ ფაშიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მან მადლობა გადაუხადა სომხეთს პრემიერს საქართველოში ვიზიტისთვის და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

 

„მივესალმები ჩემს მეგობარს, ჩემს კოლეგას, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.

ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში მისი მასპინძლობა. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ბატონ პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება, რომელიც მან რამდენიმე ხნის წინ მოიპოვა. ეს რა თქმა უნდა, ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ დაიწყოს ახალი ერა სომხეთისთვის და სომეხი ხალხისთვის. გავეცანი პრემიერის ახალ ხედვას, რომელიც უკავშირდება მხოლოდ სტაბილურ განვითარებას მისი ქვეყნის და სომეხი ხალხის კეთილდღეობას. რა თქმა უნდა, ყარაბაღის ომი ჩვენი რეგიონისთვის იყო რთული გამოწვევა, მაგრამ გავეცანი რა პრემიერის ახალ ხედვას, მჯერა, რომ აღნიშნული გამოწვევა გარდაიქმნება ახალ შესაძლებლობად, რომელიც მოუტანს კეთილდღეობას სომხეთს და სომეხ ხალხს.

 

ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სტაბილურობას, ეს დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის და ზოგადად, რეგიონის სტაბილურობასთან. შესაბამისად, ჩვენს საერთო რეგიონალურ მიზანს 3 სიტყვაში ჩავატევდი, ეს არის - მშვიდობა,სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომელიც რეგიონის სამივე ქვეყანას გვაერთიანებს. საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრე, ჩვენ ეს რამდენიმე ხნის წინ საქმით დავამტკიცეთ. რამდენიმე თვის წინ მოგვეცა შესაძლებლობა, კერძოდ, ჩემი მედიაციით, ბატონი პრემიერის უშუალო მონაწილეობთ, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ძალისხმევით სამმა ქვეყანამ მოვახერხეთ და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც უკავშირდებოდა სომეხი ტყვეების სამშობლოში დაბრუნებას, ასევე აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის, რუკების გადაეცემას. ეს წარმატებული პრეცედენტი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კიდევ მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ. პრემიერს დავუდასტურე სრული მზადყოფნა იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი იმისთვის, რომ აღდგეს ნდობა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და საფუძველთა საფუძველი ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისთვის. მზად ვართ განვიხილოთ ახალი თანამშრომლობის იდეები, ახალი პროექტები, ჩვენ ასევე განვიხილეთ საკითხები, რომელიც უკავშირდება ეკონომიკას, ვაჭრობას, ტრანსპორტს, მათ შორის მასშტაბური პროექტების თაობაზეც ვისაუბრეთ“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მისი განმარტებით, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა მთავარი მიზანი უნდა იყოს.

 

„რეგიონში, სადაც მოხდა არაერთი კონფლიქტი ბოლო 30 წლის განმავლობაში და ჯერ კიდევ არის მოუგვარებელი კონფლიქტები, ჩვენი საერო ხედვა და ძალისხმევა უნდა იყოს ის, რომ ეტაპობრივად ეს რეგიონი გარდავქმნათ ახალი შესაძლებლობების, განვითარებისა და მშვიდობის რეგიონად. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ხედვა და ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ცნობისთვის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია და მისი ვიზიტი ორდღიანია.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 559


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები