პოლიტიკა

პრემიერმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებზე და სასულიერო პირებზე გავრცელებულ ინფორმაციას „ბინძური პროვოკაცია“ უწოდა და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ქვეყნის მთავარ ინსტიტუტებზე თავდასხმად შეაფასა

14.09.21 12:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებზე, ისევე როგორც სასულიერო პირებზე გავრცელებულ ინფორმაციას „მორიგი ბინძური პროვოკაცია“ უწოდა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ქვეყნის მთავარ ინსტიტუტებზე თავდასხმად შეაფასა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს კასპში, პარტიის მერობის კანდიდატის წარდგენისას გამოეხმაურა და აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის „მჩაგვრელი, ბოროტი ძალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა იყო სწორედ მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია“.

 

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ ძალიან მძიმე პროვოკაციას, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ეს არის მორიგი ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, ეკლესიის, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ და ქართველების საფუძველთა საფუძვლის, ჩვენი სარწმუნოებისა და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ. ამას გარდა, ჩვენ ვნახეთ, როგორი შეტევა განახორციელეს თუნდაც ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო უწყების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ, როგორი ბინძური პროვოკაცია დაგეგმეს.

მათი პერმანენტული ბრძოლა ჯარის წინააღმდეგ, პოლიციის წინააღმდეგ, სასამართლოს წინააღმდეგ ანუ ყველა ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ. რატომ, იმიტომ, რომ მოახდინონ დემორალიზება და სისტემის დისკრედიტირება. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული.

 

ჩვენმა ბრძენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, როგორ ანტიეროვნულ და ამასთანავე, ანტიეკლესიურ, ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან გვაქვს საქმე და შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ 9 წლის წინ ამ ადამიანების მჩაგვრელ, მავნებლურ და ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას უარი უთხრა საბოლოოდ და ეს უარი 7 არჩევნებში დადასტურდა.

 

რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცით, რა მიზანსაც ემსახურება აღნიშნული პროვოკაცია, მაგრამ ჩვენ ძალიან მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ძალიან ძლიერად გავიმარჯვოთ და მტკიცედ გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა და განვითარება.

 

თუნდაც ის კამპანია, რომელიც მათ წამოიწყეს ჩვენი მერობის კანდიდატების წინააღმდეგ, ძალიან მარტივია ამის ახსნა - იციან რა, რომ ისინი ყველა მუნიციპალიტეტსა და ყველა ქალაქში სასტიკად მარცხდებიან, რა უნდა მოეფიქრებინათ თუ არა რაღაც გამოგონილი ლეგენდები და ამას აკეთებს ის ძალა, რომელიც გამოირჩეოდა ადამიანების ჩაგვრით, წამებით, გაუპატიურებით, ბიზნესის დატერორებით და ათასი უბედურებით, რაც მთავარია, კიდევ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპანტისთვის გადაცემით. ამას ბედავს ის ძალა, ვისმა ლიდერმაც განაცხადა, რომ ეს ძირძველი ტერიტორიები, ეს ასეულობით სოფელი, მისი სიტყვებით, „ქვების გროვაა“ და როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს და ასეთ ძალას დღეს კიდევ ვინმემ მისცეს ხმა. ეს ხომ არის თანამონაწილეობა ამ ღალატსა და დიდ შეთქმულებაში,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები