პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ევროკავშირის ანგარიში იმის ნათელი გამოხატულებაა, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა დგას საქართველოს გვერდით

16.09.21 10:30


გამოქვეყნდა ევროპარლამენტის ანგარიში, რომლის ავტორებიც ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს რეკომენდაციებს აძლევენ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების საკითხებზე.

 

ანგარიშში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს.

დოკუმენტში პირდაპირ არის ნათქვამი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებზე.

 

აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და დესტაბილიზაციის მცდელობები, ასევე, მოსკოვის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას; ევროპარლამენტი ღიად ამბობს, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე სათანადო რეაგირების არარსებობამ ხელი შეუწყო მოსკოვის შემდგომ აგრესიულ სამხედრო და პოლიტიკურ კომპანიას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონსა და ევროპაში, რამაც ძირი გამოუთხარა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.

 

„ანგარიში იმის ნათელი გამოხატულებაა, რომ ევროკავშირი და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა დგას საქართველოს გვერდით, როდესაც საუბარია რუსეთის ჰიბრიდულ ომსა და უკანონო ოკუპაციაზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის დაცვაზე. ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ევროკავშირი რუსეთთან ნორმალურ სამუშაო ურთიერთობებს არ უნდა დაუბრუნდეს მანამ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ პოლიტიკას და ჰიბრიდულ ომს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებთან და სანამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში“, - განაცხადა ანგარიშზე საუბრისას საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები