პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა, დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის ახალ პროგრამაზე მუშაობს

12.10.21 18:00


საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის შემდგომი ეტაპი იწყება, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით  განხორციელდება, - ონლაინ-შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ნიკ ბერესფორდი მონაწილეობდნენ, აღინიშნა, რომ ძლიერი დემოკრატიისა და მმართველობის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბების გზაზე, საქართველო საჯარო მმართველობის ძირეული რეფორმის გატარებას განაგრძობს. 


რეფორმის წარმატებული განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად დაიხვეწება საჯარო მმართველობის საკვანძო სფეროები და გაიზრდება საჯარო უწყებების ეფექტიანობა.


ფუნდამენტური რეფორმის პირველი ციკლი 2015-2020 წლებში განხორციელდა და საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ სტრატეგიულ დოკუმენტს ეყრდნობოდა. რეფორმის მიღწევები და გამოწვევები როგორც მთავრობამ, ისე სამოქალაქო საზოგადოებამ შეაფასა. 


ამჟამად, საქართველოს მთავრობა, ბრიტანეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, მუშაობს საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის ახალ სტრატეგიაზე, რომელმაც რეფორმის განხორციელება მომავალი წლების მანძილზე უნდა განსაზღვროს. 


„საჯარო მმართველობის მიმდინარე რეფორმა თანხვედრაშია საქართველოს მისწრაფებასთან შექმნას გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და პასუხისმგებლიანი საჯარო მმართველობის სისტემა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას მოემსახურება და სასიკეთო ცვლილებებს შეუწყობს ხელს. რეფორმის შემდეგი ეტაპის განხორციელება კიდევ უფრო გააღრმავებს გასული ხუთი წლის მიღწევებს და ხელს შეუწყობს იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რომელიც პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე გამოიკვეთა“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა. 


„გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს დემოკრატიულ გარდაქმნებს საქართველოს საჯარო მმართველობაში. ჩვენი მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს რეფორმის ამბიციურ, თანმიმდევრულ და საზოგადოებისთვის გასაგებ სტრატეგიას, რომელიც ხელს შეუწყობს რეფორმის განხორცილებას საჯარო მმართველობის ყველა დონეზე, ეროვნული უწყებებიდან ადგილობრივ მუნიციპალიტეტებამდე“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა. 


„საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გასული წლების მანძილზე, თუმცა საჯარო მმართველობის რეფორმის ყველა სფეროში თანაბრად წარმატებული არ ყოფილა. რეფორმის ახალ ეტაპზე, გაეროს განვითარების პროგრამის დახმარების პრიორიტეტული სფეროები უცვლელი დარჩება - პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია, სახელმწიფო სერვისების მიწოდება და საჯარო სამსახურის რეფორმის გატარება“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა.


დიდი ბრიტანეთი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2016 წლიდან ხელს უწყობენ საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას. ამ დახმარების შედეგად, საქართველომ შეძლო საჯარო მმართველობაში ერთიანი მიდგომების დანერგვა, მათ შორის, პოლიტიკის განვითარებისა და კოორდინაციის საკითხებში.

გარდა ამისა, დაიხვეწა საჯარო მოხელეთა შეფასებისა და პროფესიული განვითარების სისტემები, შემუშავდა სახელმწიფო სერვისების მიწოდების ერთიანი სტანდარტები და დაინერგა ციფრული გადაწყვეტები. 


პანდემიის დროს, როდესაც საქართველოს საჯარო სექტორი დამატებითი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა და UNDP ხელს უწყობდნენ ახალ რეალობასთან ადაპტირების პროცესს, საჯარო უწყებების დისტანციური მუშაობის რეჟიმში გადასვლას და, როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ელექტრონული სერვისების დანერგვას. 


დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და UNDP-ის მხარდაჭერით, ასევე გაღრმავდა საჯარო და სამოქალაქო სექტორების თანამშრომლობა, გაიზარდა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა საჯარო მმართველობის რეფორმის დაგეგმვაში, განხორციელებასა და მონიტორინგში.

 

 

წყარო :  /www.ghn.ge/           

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები