პოლიტიკა

ლონდა თოლორაია სარა რუპერტს შეხვდა

19.10.21 18:00


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ლონდა თოლორაიასა აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) დირექტორს სარა რუპერტს შორის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

 

ამავე ცნობით, ღონისძიების მიზანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის, საჭიროებებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განხილვა იყო.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს წარმომადგენლები.

 

შეხვედრის ფარგლებში ლონდა თოლორაიამ INL-ის ხელმძღვანელს გააცნო სამსახურის ძირითადი მიღწევები, განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები.

ასევე, დეტალურად ესაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებსაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პრაქტიკული საქმიანობასა და საკანონმდებლო თვალსაზრისით ხვდება. მათ შორის, საუბარი შეეხო დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მნიშვნელოვან როლს, ფაქტორებს, რომლებიც ხელს უშლის გამოძიების ეფექტიან წარმართვასა და მათი აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; ასევე, სამსახურის ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გაძლიერების საჭიროებას. ამასთან, მხარეებმა იმსჯელეს საპროკურორო და საგამოძიებო ფუნქციების გამიჯვნის საკითხზე.

 

თავის მხრივ, სარა რუპერტი დაინტერესდა არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე შეტყობინებების მიღების მექანიზმით, გამოძიების პროცესში არსებული პრაქტიკული საკითხებით, სხვა უწყებების მხრიდან თანამშრომლობის ხარისხითა და სამსახურის გამომძიებელთა პროფესიული გამოცდილებით.

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ თანამშრომლობას სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება. შეხვედრის ფარგლებში, მხარეები აქტიური სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები