პოლიტიკა

„რომელი ნესტან-დარეჯანი სააკაშვილია, ციხიდან რომ გამოიხსნან“ - ირაკლი კობახიძე

25.10.21 15:40


„რომელი ნესტან - დარეჯანი სააკაშვილია ციხიდან რომ ვიღაცამ გამოიხსნას. რაზეა საუბარი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას ბრიფინგზე განაცხადა.

 

კობახიძე ამბობს, რომ შიმშილობაზე პასუხისმგებელი თავად პატიმარია, მაგრამ გართულების შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო პასუხისმგებლობის შესაბამისად იმოქმედებს.

 

„რომელი ნესტან - დარეჯანი სააკაშვილია, ციხიდან რომ ვიღაცამ გამოიხსნას. რაზეა საუბარი?! ძალიან მარტივად, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, მთავარია ადამიანის უფლებების დაცვა და მთავარია იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც არის დაკავშირებული პატიმართან.

 

შიმშილობაზე თვითონ პატიმარია პასუხისმგებელი, მაგრამ შიმშილობის გამო თუ რაიმე გართულება იქნება, ბუნებრივია, ეს არის იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობა. იუსტიციის სამინისტრო იმოქმედებს პასუხისმგებლობის შესაბამისად“, - ირაკლი კობახიძე.

 

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, ვერ შესრულდება ექიმთა რეკომენდაციები.

 

ნიკოლოზ ყიფშიძემ 23 ოქტომბრის საღამოს განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს დამძიმდეს, ამიტომ საჭიროა მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

 

ყიფშიძის თქმით, ამაზე იმსჯელეს იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზეც, სადაც იკრიბება ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და უფლებრივ მდგომარეობას აკვირდება.

 

იუსტიციის მინისტრმა კი განაცხადა, რომ ნიკოლოზ ყიფშიძე იტყუება.

 

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის სიცრუე! ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე. ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ“, - წერს რატი ბრეგაძე.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

 

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები