პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებს შეხვდა

25.10.21 18:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასოცირებულ ტრიოს შორის თანამშრომლობის შემდგომი ინტენსიფიკაციის საკითხებზე, მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებს შეხვდა.


ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გამართული შეხვედრისას, სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ასოცირებულ ტრიოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე დიალოგისა და თანამშრომლობის გააქტიურებას ევროინტეგრაციის საკითხებში, მათ შორის ასოცირების შეთანხმებების განხორციელების პროცესში გამოცდილების ურთიერთგაზიარების კუთხით.

 

საუბარი ასევე შეეხო ასოცირებულ ტრიოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გააქტიურებას, მათ შორის სექტორული დიალოგების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე. პრემიერ-მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ასოცირებული ტრიოს ფარგლებში დღემდე გაწეული ძალისხმევა და ევროკავშირის უმაღლესი რანგის ოფიციალურ პირებთან გამართული ერთობლივი შეხვედრები, რომელთა გაგრძელებაც მნიშვნელოვანია სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის.

 

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრებმა ასევე განიხილეს დეკემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და მოლოდინები პარტნიორობის მომავალ მიზნებზე, ასოცირებული ქვეყნების ევროპული მისწრაფებებისა და ევროპული არჩევანის გათვალისწინებით. მათ ხაზი გაუსვეს ასოცირებულ ქვეყნებს შორის კოორდინაციის მნიშვნელობას სამიტისთვის მოსამზადებელ პერიოდში და იმედი გამოთქვეს, რომ სამიტი ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე, დიფერენციაციისა და მეტი-მეტისთვის პრინციპების საფუძველზე.

 

 

წყარო :  /www.ghn.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები