პოლიტიკა

„პენიტენციური საავადმყოფო სააკაშვილისთვის საჭირო ყველა პირობას აკმაყოფილებს“ - ტიკარაძე

26.10.21 14:20


„ამ ეტაპზე მას არა აქვს არანაირი საჭიროება იმის, რომ იყოს გადაყვანილი სხვა კლინიკაში“, - ამის შესახებ ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ეკატერინე ტიკარაძემ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

მინისტრის თქმით, იძულებითი წესით პაციენტ სააკაშვილის განთავსება პენიტენციურ საავადმყოფოში არანაირად არ ხდება.

 

„რეგულირების სააგენტომ დავალება მიიღო, რის შედეგადაც ის დღეს შევა პენიტენციურ საავადმყოფოში და შეამოწმებს მის მზაობას არა მხოლოდ პაციენტ სააკაშვილის, არამედ სხვა პაციენტების მიღების უსაფრთხოების თაობაზე და დადებს დასკვნას, რომელსაც აუცილებლად გავასაჯაროებთ.

 

რაც შეეხება ექსპერტების რეკომენდაციებს, რეკომენდებული იყო დოპლერის გაკეთება პაციენტისთვის, რაც გუშინ შესრულდა და პაციენტს ამ მიმართულებით არ აღენიშნება არანაირი გართულება.

 

ამ ეტაპზე მას არა აქვს არანაირი საჭიროება იმის, რომ იყოს გადაყვანილი სხვა კლინიკაში. არანაირად არ ხდება აქ იძულებითი წესით პაციენტის განთავსება პენიტენციურ საავადმყოფოში, უბრალოდ ეს საავადმყოფო მისთვის საჭირო ყველა პირობას აკმაყოფილებს“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

 

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

 

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები