პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილის თანათავმჯდომარეობით ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა

25.11.21 11:45


სტრასბურგში, ევროპარლამენტში, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის და ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს-ამორის თანა-თავმჯდომარეობით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

 

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფმა „ასოცირებულ ტრიოს“ თანამშრომლობის გაძლიერებასა და ევროინტეგრაციის საერთო ინტერესებსა და პრიორიტეტებზე იმსჯელა. ყურადღება გამახვილდა ასოცირების შესახებ შეთანხმებების განხორციელებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებზე.

 

შეხვედრისას, მიმდინარე წლის 15 დეკემბერს დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოლოდინებზეც იმსჯელეს.


მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე, როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის მთავარ გზამკვლევზე.

ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნის მისაღწევად სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებასა და საქართველოს ხელისუფლების გეგმაზე, 2024 წელს გააკეთოს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი.

 

,,ასოცირების შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაციის საფუძველზე და საქართველოს ევროპული ამბიციების გათვალისწინებით, საქართველომ გადაწყვიტა 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთოს. ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით გამყარებული სტრატეგიული მიზანია, რომელსაც მოსახლეობის 80% უჭერს მხარს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 


ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის მნიშვნელობასა და ამ მიზნით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საჭიროებებზე ისაუბრა. ,,იმისათვის, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით მონიჭებული შესაძლებლობები მაქსიმალურად იქნას გამოყენებული, საჭიროა, ხელი შევუწყოთ საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნების შორის ბიზნეს კავშირების გაღრმავებას. ასევე, მნიშვნელოვანია ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაზრდა და ამ კუთხით, შავი ზღვის პოტენციალის უკეთ გამოყენება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.


სიტყვით გამოსვლისას, მან ასევე, ყურადღება გაამახვილა ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებაზე და ისაუბრა განათლების, კულტურის და კვლევით სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობაზე. ხაზი გაუსვა სტუდენტებისთვის ევროკავშირის პროგრამების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ქართველი სტუდენტებისთვის ევროპული განათლების ხელმისაწვდომობის ხეშესაწყობად, საჭიროა მივაღწიოთ შეთანხმებას ევროკავშირთან, რომ სწავლის საფასური ქართველ სტუდენტებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სწავლობენ, გაუთანაბრდეს და არ აღემატებოდეს ევროკავშირის მოქალაქეებისთვის დაწესებულ საფასურს.

 

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის სარგებელზე საქართველოს მოქალაქეებისთვის. მან აღნიშნა, რომ საჭიროა ევროკავშირში არსებობდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობები.

 

სხდომაზე ასოცირებული ქვეყნებისთვის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების (DCFTA) მნიშვნელობაზე და მისი უკეთ ათვისების პერსპექტივებზეც იმსჯელეს და პანდემიის ფონზე სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევებთან გამკლავების გზები მიმოიხილეს.

 

აღნიშნულ საკითხზე მოხსენება გააკეთა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა, რომელმაც თავის გამოსვლაში საქართველოს მიერ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების (DCFTA) განხორციელების მიმდინარეობასა და მიღწევებზე ასევე, გლობალური პანდემიის პირობებში საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებზე ისაუბრა.

 

,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელება წარმოადგენს საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტს. საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმებს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციისათვის, მათ შორის ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების კუთხით“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

 

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტების წევრები, ევროპარლამენტარები და ევროკავშირის ინტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


საქართველოს პარლამენტიდან სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ევრონესტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი გიორგი ხელაშვილი და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი მონაწილეობდნენ.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები