პოლიტიკა

თურქეთ-აზერბაიჯანს ვთხოვეთ, საქართველოს 3+3 ფორმატის სარგებელი აუხსნან — ლავროვი

14.01.22 16:20


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო, მოსკოვს ნაკლები შესაძლებლობა აქვს, საქართველოს რეგიონული თანამშრომლობის 3+3 ფორმატის უპირატესობა აუხსნას, ამიტომ ამის გაკეთება თურქეთს და აზერბაიჯანს სთხოვა. მისი თქმით, დახმარება შეუძლია სომხეთსაც.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ 3+3 ფორმატში მონაწილეობა საქართველოს პოლიტიკური პოზიციების თვალსაზრისით არაფერს დაავალდებულებს.

 

„3+3 ფორმატის იდეას ჩვენ აქტიურად დავუჭირეთ მხარი, როდესაც პირველად ახსენა პრეზიდენტმა ალიევმა, შემდეგ კი — პრეზიდენტმა ერდოღანმა. ჩვენ მაშინვე დავინახეთ ამ ინიციატივის ძალიან კარგი, გამაერთიანებელი პოტენციალი.

პირველივე დღიდან და მოსკოვში გამართული შეხვედრის მომზადებისას ვემხრობოდით, რომ ქართველი კოლეგები ასევე ჩართული ყოფილიყვნენ პროცესში, გამომდინარე იქიდან, რომ რაც მეტია ურთიერთობის პოტენციალი, უკეთესია არსებული პრობლემების მოსაგვარებლად“, — განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ ახლა რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობები მხოლოდ ჟენევის დისკუსიების და არაფორმალურ დიალოგის ორმხრივ ფორმატში აქვს.

 

„მაგრამ 3+3 ფორმატში დაწყებული პროცესები, ჩემი აზრით, გაცილებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ ფორმატში მთელი რეგიონის განვითარების პერსპექტივა განიხილება. ახლა, როცა მიღწეულია სამშვიდობო შეთანხმებები [ყარაბაღში] გასული წლის საომარი მოქმედებების შემდეგ, იწყება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების აღდგენა და  რეგიონში არსებული მარშრუტების განბლოკვა, ეს ხსნის შესაძლებლობებს, რომლებშიც დაინტერესბული არიან თურქეთიც, რუსეთიც, ირანიც და დარწმუნებული ვარ, საქართველოც. მე მგონია, რომ მათ ინტერესშია, შემოუერთდნენ ამ ფორმატს წინაპირობების გარეშე. შეიძლება მოლაპარაკება, რომ ამ ფორმატში განიხილება მხოლოდ ის თემები, რომლებიც ყველა მონაწილის ინტერესშია. რამდენადაც საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია, ჩვენ ნაკლები შესაძლებლობა გვაქვს, მათ ამ ურთიერთთანამშრომლობის ფორმის უპირატესობა ავუხსნათ. ჩვენ მივმართეთ თურქ და აზერბაიჯანელ მეგობრებს თხოვნით, რომ მათ აუხსნან ქართველ მეზობლებს 3+3 ფორმატთან მიერთების სარგებელი მათთვის, როგორც ყველა ჩვენგანისთვის. სომხეთსაც შეუძლია დახმარება. ასეთი მონაწილეობა მათ არაფერს დაავალდებულებს პოლიტიკური პოზიციების თვალსაზრისით“, — განაცხადა სერგეი ლავროვმა.

 

3+3 რეგიონული თანამშრომლობის ფორმატის იდეა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გაჩნდა და გულისხმობს სამი კავკასიური ქვეყნის (საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის) და სამი რეგიონული მოთამაშის (რუსეთის ფედერაციის, თურქეთისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის) სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავებას. საქართველომ, თავის მხრივ, რეგიონის ქვეყნებს დიალოგის პლატფორმად თბილისი შესთავაზა და თქვა, რომ უფრო ფართო რეგიონულ პლატფორმაში რუსეთთან ერთად ვერ ჩაერთვება.

 

ცოტა ხნის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ძალიან ძნელია, ამ ფორმატში დაჯდე რუსეთთან ერთად, თუმცა “დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში რაღაც ფორმით მაინც უნდა ვიყოთ წარმოდგენილი.

 

მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ზალკალიანის ინტერვიუს არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა და საქართველო არ განიხილავს რუსეთის ფედერაციასთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას.

 

„3+3 ფორმატის“ პირველი შეხვედრა მოსკოვში საქართველოს გარეშე გაიმართა, თუმცა თბილისის პოზიციის მიუხედავად, მოსკოვში მხარეების შეხვედრისას ქართული დროშა მაინც გამოიყენეს.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები