პოლიტიკა

„ეკონომიკური პროგრამა არა მხოლოდ დაუწერია, ამ დრომდე ერთადერთია, ვისაც ეს განუხორციელებია“ - ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილზე

19.01.22 17:00


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს ვინც, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს სერიოზულად არ აღიქვამს.

 

მისი თქმით, სააკაშვილის პრობლემა პროგრესირებადი იქნება და ის, რომ ექსპრეზიდენტი ეკონომიკურ პროგრამას წერს, არ ნიშნავს, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

 

ეკა ხერხეულიძე სააკაშვილის 50-დღიან შიმშილობაზე ამახვილებს ყურადღებას და ასევე, აღნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტის მიმართ განხორციელებულმა არაადამიანურმა მოპყრობამ ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემას ფსიქოლოგიური პრობლემა დაუმატა. 

 

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას - ალბათ თქვენც მოგისმენიათ მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არა კეთილსაიმედოა, როგორ ახერხებს იგი საჯარო განცხადებების გაკეთებას ან ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობას.

 

უფრო უხეში ფორმითაც მოგვისმენია პოზიციონირება. მაგალითად, ჩამოყალიბდით, კვდება თუ ეკონომიკურ პროგრამას წერს? ამ შემთხვევაში, რბილად რომ ვთქვათ, უვიცობასთან გვაქვს საქმე. არსებობს უამრავი მძიმე დაავადება, რის შემთხვევაშიც, შეუქცევადი შედეგის დადგომამდე ადამიანები აგრძელებენ ცხოვრებას, იქნება ეს უკურნებელი სენის პირობებში, თუ სხვა დაავადებების დროს.

 

საქმე ისაა, რომ ამ აზრის მატარებელი ხალხი ვერ აცნობიერებს რასთან გვაქვს საქმე. არასდროს, არსად არ თქმულა, რომ აზროვნების დეფიციტის პრობლემები იყო ჩივილის კატეგორია, რაც თავისთავად ურთიერთკავშირს გამორიცხავს ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების კუთხით.

 

რადგან პრაქტიკა არ არსებობს, როგორია 50-დღიანი მოშიმშილეს რეაბილიტაციის პროცესი, მით უფრო, როდესაც ეს შიმშილობა მიმდინარეობდა წამების და არაადამიანური მოპყრობის ფონზე, ჩვენ არ შეგვიძლია ცალსახა დასკვნები გავაკეთოთ არსებული მდგომარეობის შესაფასებლად. ერთია ვიზიტორის აღქმა რა ვითარებაში ხვდება პატიმრობაში მყოფი ადამიანი და მეორეა, რა ჰქვია ამ მდგომარეობას სამედიცინო ენაზე. სხვაზე რომ არ ვილაპარაკო, მხოლოდ საკუთარ თავზე მოგახსენებთ - ყველა ის აღწერა რაც ჩემგან მოგისმენიათ, იყო მხოლოდ ის, რასაც ისმენდით. მე კარგად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, მესმის საქმის სირთულე და ვერავის ხათრით ვერ შევალამაზებ ნანახს და განცდილს.

 

შესაძლებელია მიხეილ სააკაშვილის თხოვნის გათვალისწინებით პირიქით, შეფასებით ნაწილში გარემოება შევამსუბუქო, მაგრამ პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, ვითარება დავამძიმო, ეს არის გამორიცხული. კარგად მესმის განწყობების სიმძიმე, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პარალელურად, მე მაწუხებს ჩემი პასუხისმგებლობა და საერთოდ არ ვფიქრობ იმაზე, როგორ გაიგებს ამას ჩასაფრებული კატეგორია“, - წერს ეკა ხერხეულიძე. 

 

როგორც ის აღნიშნავს, სააკაშვილი ერთადერთია ქვეყანაში, ვისაც ეკონომიკური პროგრამა არათუ დაუწერია, არამედ პრაქტიკაში განუხორციელებია. 

 

„პრაქტიკამ ისიც გვაჩვენა, რომ ჩემი ყოველი შეფასება, რაც იმ წუთისთვის გადაჭარბებულად მოგეჩვენათ, მოგვიანებით აისახა პროფესიონალების დასკვნებში და ახლაც იმავეს ველოდი სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ექიმთა კონსილიუმის მხრიდან. დიახ, ვითარება არის იმგვარი, რაც ექიმების შეფასებით გახდა ცნობილი და საჭიროა დაუყოვნებლივ რეაგირება.

 

პოლიტიკურად კარგ ფორმაში ყოფნა და მხნეობის შენარჩუნება, არ ნიშნავს იმას, რომ წამებისგან მიყენებული ტრავმა სადღაც მიყუჩდება. პრობლება იქნება პროგრესირებადი და სავალალო შედეგის მომტანი. რაც აქამდე არ ვიცოდით, ამას საქართველოს მესამე პრეზიდენტზე დაკვირვებით ვერ ვისწავლით. ჩვენ არ ვიცით რას განიცდის ორგანიზმი, როდესაც ის 50-დღიანი აგრესიული შეტევით ინგრევა.

შიმშილობა უკვე დიდი სტრესია, მაგრამ ის ხანგრძლივობა რაც სააკაშვილმა გადაიტანა, მხოლოდ სტრესი აღარ არის, ეს არის თავის განადგურება და ამან თავის მძიმე შედეგები მოიტანა. ეს გავლენა დინამიკაში სხვადასხვაგვარად ვლინდება და ადვილი შესამჩნევია.

 

ვინც მისი ბედით დაინტერესებული ბრძანდებით, მის მდგომარეობას ნუ განსჯით მწყობრი პოლიტიკური სიტყვით. თუ მაინც ეს სურვილი გამოძრავებთ, ცოტა ობიექტურობაც გაიხადეთ მოკავშირედ და როცა სამარტოო საკანში გამომწყვდეულ ნაწამები კაცის მიერ უინტერნეტო სივრცეში დაწერილ დოკუმენტს შეაფასებთ, მოყვანილი ციფრების ცდომილებაზე დიდ სტატიებს ნუ გამოაცხობთ, ეს უხერხულია, ძალიან უხერხული. იმაზე იფიქრეთ, ეგ ციფრებიც და ყველა სტატისტიკა ხელის გულზე რომ გიდევთ, მაინც რომ ვერაფერი შექმენით მსგავსი და მაინც ის კაცი რომ ფიქრობს ყველაზე მეტს მომავლის მოწყობაზე.

 

ასე რომ, სააკაშვილის მხრიდან ეკონომიკური პროგრამის დაწერა კი არ არის წარმოუდგენელი, ეს არა მხოლოდ დაუწერია, ამ დრომდე ერთადერთია ვისაც განუხორციელებია, არამედ, მისგან ის არის გასაკვირი, რომ ამის სურვილი ისევ აქვს და ჩვენგან ის არის გასაოცარი, რომ ამას ვერ ვიყენებთ.

 

იმედს ვიტოვებ, ექიმების დასკვნის მიმართ გულგრილი არ დარჩება საზოგადოების საღი ნაწილი და გვექნება ადეკვატური რეაგირება“, - აცხადებს ეკა ხერხეულიძე. 

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები