პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე - აუცილებელია, უახლოეს პერიოდში უმრავლესობისა და ოპოზიციის სახელით, კიევში ერთობლივი ვიზიტი განვახორციელოთ

24.01.22 16:10


აუცილებელია, უახლოეს პერიოდში უმრავლესობისა და ოპოზიციის სახელით, კიევში ერთობლივი ვიზიტი განვახორციელოთ, - ამის შესახებ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, გარდა რეზოლუციისა, რომელიც ოპოზიციის აზრით პარლამენტმა უკრაინის საკითხზე უნდა მიიღოს, აუცილებელია დაიწყოს კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა კომიტეტთან, ასევე საგარეო და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე, მოსმენაზე უნდა მიიწვიონ საგარეო და თავდაცვის მინისტრები, ხოლო უკრაინაში ოპოზიციის და უმრავლესობის ერთობლივი ვიზიტი უნდა შედგეს, რაც იქნება იმის ხაზგასმა, რომ პარლამენტი მხარს უჭერს უკრაინას.

 

„ჩვენ, ყველა - საპარლამენტო ოპოზიცია და მთელი საზოგადოება ვთანხმდებით, რომ ჩვენი პარტნიორის, ჩვენი მეზობლის, უკრაინის მიმართ რუსეთის განახლებული აგრესია არის სერიოზული საფრთხე და გამოწვევა ზოგადად რეგიონული უსაფრთხოების საკითხის და ასევე გეოპოლიტიკური მიმართულებით.

ეს არის საკითხი, რომელზეც სახელმწიფომ, მათ შორის, პარლამენტმა ერთობლივი პოზიცია უნდა დააფიქსიროს, შესაბამისად, გარდა ერთობლივი რეზოლუციისა, საპარლამენტო ოპოზიციას გვაქვს ინიციატივა უახლოეს პერიოდში გაიმართოს კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან. საგარეო და უსაფრთხოების კომიტეტზე მობრძანდნენ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, სადაც ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე და გამოწვევებზე და მნიშვნელოვანია ეს იყოს სერიოზული, საქმიანი საუბარი. გარდა ამისა, პარლამენტში არსებობს უკრაინა-საქართველოს მეგობართა ჯგუფი, სადაც გაწევრიანებული არიან დეპუტატები, აუცილებელია, რომ ასევე დაიწყოს კონსულტაციები და უახლოეს პერიოდში ჩვენ ერთობლივი ვიზიტი უმრავლესობისა და ოპოზიციის სახელით ერთიანი ვიზიტი განვახორციელოთ კიევში, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხაზგასმა იმისა, რომ პარლამენტი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორს", - განაცხადა დეკანოიძემ.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები