საზოგადოება

შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ ცნობების გაცემის ვადა ხუთი სამუშაო დღიდან სამ სამუშაო დღემდე შემცირდება

09.05.22 16:40


შინაგან საქმეთ სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ცნობების გაცემის ვადა ხუთი სამუშაო დღიდან სამ სამუშაო დღემდე შემცირდება.

 

პარლამენტში ინიცირებისთვის მზად არის კანონის პროექტი, რომლის მიხედვით, დაჩქარებული მომსახურების გაწევის სახედ მხოლოდ ცნობის ერთ სამუშაო დღეში გაცემა დარჩება.

 

მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევ მომსახურებებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მომსახურებას ცნობების გაცემა განეკუთვნება, რაც 5 სამუშაო დღის განმავლობაში ხორციელდება, ხოლო დაჩქარებული მომსახურების გაწევის ვადა 3 ან 1 სამუშაო დღეა. ეს ცნობებია - ნასამართლობის შესახებ, უფლების ჩამორთმევის შესახებ, პირის მსჯავრდების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა - გადმოკვეთის შესახებ, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობები.

 

იცვლება მომსახურების ღირებულება. კერძოდ, მოქმედი კანონით, ნასამართლობის შესახებ, პირის მსჯავრდების შესახებ და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობების 5 სამუშაო დღეში გაცემა უფასოა, ხოლო მათი 3 სამუშაო დღეში გაცემის, როგორც დაჩქარებული მომსახურების გაწევის, საფასური 15 ლარია. კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, ცნობები 5 სამუშაო დღის ნაცვლად, 3 სამუშაო დღეში გაიცემა და ღირებულება 20 ლარი იქნება. ამასთან, ერთ სამუშაო დღეში დაჩქარებული მომსახურების გაწევის საფასური 25 ლარიდან 20 ლარამდე მცირდება.

 

კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: – ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ნინო იობაშვილი, გიორგი ამილახვარი, ალექსანდრე ტაბატაძე და ალუდა ღუდუშაური.

 

პროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები