ეკონომიკა

Credit Suisse-ის ბენეფიციარები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, შვეიცარიულ ბანკს კიდევ ერთხელ უჩივიან

09.05.22 17:20


Credit Suisse-ის ბენეფიციარები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, შვეიცარიულ ბანკს კიდევ ერთხელ უჩივიან. როგორც შვეიცარიული ბანკის მხრიდან დაზარალებული ბენეფიციარების ინტერესების დამცველი ჯგუფის, CS Victims-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქმე ეხება Credit Suisse-ს მიერ დაფუძნებულ ტრასტს, სადაც ივანიშვილის ქონება ინახებოდა და, რომელსაც ფინანსური ოპერაციების განხორციელება ევალებოდა. ბანკმა ეს ოპერაციები დროულად არ განახორციელა, რითიც ივანიშვილს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა.

 

„სატრასტო ფონდ Green Vals-ის მუშაობაში ჩავარდნების პასუხად, სარჩელი ბრიტანეთის დაქვემდებარებაში არსებული გერნსის კუნძულების სასამართლოშია შეტანილი“, – ნათქვამია CS Victims-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

განცხადების მიხედვით, დავა ეხება „ბანკის მიერ დანიშნული ნდობით აღჭურვილი პირის მხრიდან ნდობის დაკარგვისა და პოლიტიკური წნეხის მნიშვნელოვან საკითხებს.“

 

„2022 წლის 4 მარტს ბენეფიციარებმა ითხოვეს თანხების ათვისება, რომლის ვიზირებაც ნდობით აღჭურვილმა პირმა 2022 წლის 4 აპრილს მოახდინა.

ამით მან ფინანსური ზიანი მიაყენა ბენეფიციარებს. ამ პერიოდში ნდობით აღჭურვილმა პირმა არაგონივრულად გამოითხოვა ინფორმაცია და თხოვნაში დაგვიანების მიზეზად მიუთითა „აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკური გარემო“.

გარდა ამისა, ვერ შეასრულა თავისი პირველადი ფუნქცია – ვერ მართა მინდობილი აქტივები ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. თავად ბენეფიციარებს კავშირი არ აქვთ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან და არც რაიმე სანქციის ქვეშ არიან. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საფრანგეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა. ის არ და ვერ იქნება რაიმე სახით სანქციების ქვეშ მყოფი იურიდიული და ფიზიკური პირების სიაში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია საჯაროა, ნდობით აღჭურვილმა პირმა ვერც ელემენტარული გადამოწმება განახორციელა და ასევე ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ დისკრიმინირებულია სატრასტო ფონდის მიერ, არამედ ბანკის მხრიდან არის პოლიტიკური წნეხის კამპანიის ობიექტიც“, – ნათქვამია CS Victims-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ამასთან, CS Victims-ის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 2022 წლის 4 მარტის წარუმატებელი ინსტრუქცია არ ყოფილა ცალკეული შემთხვევა. იგივე მეთოდები იყო გამოყენებული  14 აპრილით დათარიღებული ინსტრუქციის შემდეგაც.

 

ამასთან, როგორც CS Victims-ის განცხადებაში მოყვანილი კომენტარიდან ირკვევა, „ბიძინა ივანიშვილი ძალინ უკმაყოფილოა, თუ როგორ იმართება მისი აქტივები.

პრინციპში, ისეთ სიტუაციაში ვართ, როდესაც ნდობით აღჭურვილი პირის ქმედებები სრულად ეწინააღმდეგება ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის მიზანსა და პრინციპებს. რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ ნდობით აღჭურვილი პირის ქმედებები წინააღმდეგობრივია, არ გააჩნია ეკონომიკური ლოგიკა და ქმნის საშიშ პრეცედენტს. ბენეფიციართა ეს პოზიცია მკაფიოდ არის განსაზღვრული 2022 წლის 14 და 29 აპრილით დათარიღებულ წერილებში. მათზე პასუხი კი, ნდობით აღჭურვილ პირს არ გაუცია, რადგან ნათელია, რომ არაფრის თქმა აღარ შეუძლია.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ბანკი თავის ქმედებებს ან ურთიერთობას უკავშირებს საერთაშორისო პოლიტიკას, რასაც პოლიტიკური წნეხის ფორმა ეძლევა ან სხვა ფაქტორებით განიმარტება. კლიენტს თავისი არგუმენტები აქვს მოვლენათა ამგვარი განვითარების შესახებ და დეტალებს შესაბამის დროს დააკონკრეტებს. ამასთან, ეს არ უკავშირდება კლიენტსა და ბანკს შორის სასამართლო გარჩევას და არც მის შედეგებს. პროცესის შედეგები ძირითადად ნათელი და პროგნოზირებადია“.

 

CS Victims-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ბიძინა ივანიშვილის მიერ შვეიცარიული ბანკისა და მისი სტრუქტურული ერთეულების წინააღმდეგ ინიცირებული გლობალური პროცესი მრავალი წელია, მიმდინარეობს.

2022 წლის 29 მარტს ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, რითაც სრულად კმაყოფილდება მომჩივანთა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის სარჩელი. აღსანიშნავია, რომ სინგაპურის სასამართლო დავის შემდეგ თავს 2022 წლის სექტემბერში განიხილავს. ორ სარჩელს შორის არსებული მსგავსების გათვალისწინებით, დიდი ლაბათობით, ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა დაკმაყოფილდება. როგორც CS Victims -ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, მომდევნო კვირების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი აპირებს პრესკონფერენციების ორგანიზებას საერთაშირსო მედიის წარმომადგენლებისთვის.

 

ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ მიმდინარე წლის მარტში გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის სარჩელი და Credit Suisse-ს მის სასარგებლოდ 500 მილიონზე დიდი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. საუბარია დავაზე, რომელიც ივანიშვილმა მისი ყოფილი პირადი ბანკირის პატრიკ ლესკადრონის მიერ ჩადენილი თაღლითური ოპერაციების შემდეგ დაიწყო.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები