ანალიტიკა

"სამხრეთ ოსეთში" არც ერთი ოსური სკოლა არ არის...

17.05.22 11:15


"დამოუკიდებელი სახელმწიფო", სადაც სწავლა-განათლება მშობლიურ ენაზე არ იმმდინარეობს აბსურდულობაა. თუმცა, ანალოგიური კურიოზია ოკუპირებული საქართველოს ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული რეჟიმი, რომელიც თავს "დამოუკიდებლად" მიიჩნევს და რომელიც ხმამაღალი სახელით "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა-ალანია"-თი  იწოდება.

 

თუმცა საქმე ბევრად უკეთესად არც ჩრდილოეთ ოსეთშია, რომელიც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაშია. არსებობს მხოლოდ ერთი ალანური გიმნაზია, სადაც  ოსურ ენას შეისწავლიან.

 

ამჟამად, ვლადიკავკაზში, სადაც ჩრდილოეთ ოსეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი და ზოგადად ოსი ხალხის უმეტესობა ცხოვრობს, ოს პირველკლასელთა მხოლოდ 10-20% საუბრობს მშობლიურ ენაზე. სკოლის დამთავრების დროისათვის ამ 10-20%-საც კი დაავიწყდება მშობლიური ენა, რადგან მასწავლებლებთან და თანატოლებთან რუსულად ურთიერთობენ. შედეგად, ოსური ენა ისევე კვდება, როგორც აფხაზური, მიუხედავად იმისა, რომ კრემლმა, როგორც ჩანს აფხაზებისა და ოსებისთვის მარიონეტული „დამოუკიდებელი“ ფსევდო „სახელმწიფოები“ შექმნა.

 

ამავე დროს, როცა ოსები და აფხაზები, როგორც ახლა სეპარატისტები ამბობენ, „საქართველოს მონობაში“ იმყოფებოდნენ, ოსური და აფხაზური ენები და მათი ლიტერატურა წარმატებით ვითარდებოდა. საქართველოს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რეგიონში არა მხოლოდ ოსური სკოლები მოქმედებდა, არამედ ცხინვალში ფუნქციონირებდა სრულფასოვანი პედაგოგიური ინსტიტუტი ოსურ ენაზე სწავლებით. თუ ახლა სეპარატისტულ ე.წ. "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას" ოსურ ენაზე საშუალო და დაწყებითი განათლებაც კი არ აქვს, მაგრამ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნისას, ცხინვალში იყო არა მხოლოდ საშუალო, არამედ უმაღლესი განათლება ოსურ ენაზე! ამავდროულად, როგორც ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, რომელიც რსფსრ-ის შემადგენლობაშია, აქაც ყველა ოსური სკოლა რუსულად გადაკეთდა.

 

ჩრდილოეთ ოსეთში ოსური სკოლების სისტემატური ლიკვიდაცია საბჭოთა კავშირის წლებში დაიწყო. გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისამდე აქ ოსური სკოლები ფუნქციონირებდნენ, სადაც მე-7 კლასამდე განათლება ოსურად იყო და მხოლოდ 8-10 კლასებში მიმდინარეობდა რუსულ ენაზე. მაგრამ ეტაპობრივად დაიწყეს რუსულზე გადასვლა.

 

1951 წლის 1 სექტემბერს მიღებულ იქნა ოსური სკოლის ახალი სასწავლო გეგმა, რომელმაც გაზარდა რუსული ენისა და ლიტერატურის შესწავლისთვის დათმობილი საათები და შეამცირა მშობლიური ენის საათები. 1952 წლის 1 სექტემბერს ოსური სკოლების ნაწილის მე-5–7 კლასებში სწავლა შემოღებულ იქნა რუსულ ენაზე. 1953–54 სასწავლო წელს ყველა ოსური სკოლა V კლასიდან რუსულზე გადავიდა.

 

ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხელისუფლება  შეგნებულად აკნინებდა მშობლიურ ენაზე განათლების პრესტიჟს.

საინტერესოა, რომ მაშინ ჩრდილო ოსეთი საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მე-5 კლასიდან სწავლა-განათლების რუსულ ენაზე წარმართვის საკითხი წამოჭრა.

 

ოსური სკოლების რაოდენობა სწრაფად შემცირდა.  1953 წელს სულ იყო 66 (6641 მოსწავლით), 1955 წელს - უკვე 35, ხოლო 1956 წელს ჩრდილოეთ ოსეთში იყო 29 დაწყებითი ოსური სკოლა, რომელშიც სწავლობდა 1241 მოსწავლე. არსებობდა ასევე შერეული ოსურ-რუსული სკოლები, რომელთა რაოდენობა 1956 წლისთვის იყო 107 (4 დაწყებითი, 52 შვიდწლიანი და 51 საშუალო), აქ ოსურ ენაზე სწავლობდა 1-4 კლასის 12390 მოსწავლე.

 

1964 წლიდან დაიწყო ოსურ ენაზე განათლების ლიკვიდაცია   დაწყებით კლასებშიც. 1964 წლის მაისში ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქში გაიმართა სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენცია ოსურ დაწყებით სკოლაში სწავლების რუსულ ენაზე გადასვლის საკითხზე. ამის შემდეგ ოსური სკოლის 1-4 კლასებში დაიწყო სწავლების სწრაფად გადასვლა  რუსულ ენაზე. უმეტეს ეროვნულ სკოლებში, სადაც ყველა აუცილებელი პირობები არსებობდა, რუსულ ენაზე გადასვლა მოხდა 1964–65 სასწავლო წელს, ხოლო 1970 წლისთვის ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ში ოსურ ენაზე სწავლება არცერთ სკოლაში აღარ წარმოებდა.

 

1970-1980-იან წლებში, ყოფილ „ოსურ სკოლებში“, სადაც ყველაფერი  უკვე რუსულად ისწავლებოდა, საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლება იყო შენარჩუნებული, როგორც საგანი. ამასთან, ოსური ენის შესწავლა „ეროვნული სკოლის“ ისედაც უაზრო სტატუსის ფორმალურ ხარკად იქცა და დამატებით დატვირთვად აღიქმებოდა და ყველანაირად ცდილობდნენ უარი ეთქვათ მასზე. ასე რომ, ფაქტობრივად  რსფსრ-ში მცხოვრები ოსების განათლება მშობლიურ ენაზე გაუქმდა.

 

ამავდროულად, სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში ოსური სკოლები არა მხოლოდ გადარჩა, არამედ განვითარდა, გამოიცა ახალი სახელმძღვანელოები. ცხინვალშიც ოსურ ენაზე გამოდიოდა გაზეთები, არსებობდა ოსური წიგნის გამომცემლობა, საქართველოს სსრ-ის ხარჯზე გამოდიოდა ოსური ლიტერატურა.

 

ამიტომ, ბევრ ქართველს გულწრფელად გაუკვირდა, როდესაც სომეხი პროვოკატორების წინადადებით, რომლებსაც ჯერ კიდევ სჭირდებოდათ სეპარატისტული პრეცედენტი მათი "არცახისთვის", ზოგიერთმა ცხინვალელმა ოსმა ჯერ "რესპუბლიკის სტატუსი" მოითხოვა, შემდეგ კი - "ჩრდილოეთ ოსეთთან" და  რუსეთთან შეერთება. ბოლოს და ბოლოს, სწორედ საქართველოში ჰქონდათ ოსებს ყველა პირობა, რომ შეენარჩუნებინათ თვითმყოფადობა და განათლება მიეღოთ მშობლიურ ენაზე. ჩრდილოეთ ოსეთში მსგავსი არაფერი ყოფილა.

 

იმ დროს თავად ოსები ამბობდნენ, რომ მხოლოდ ცხინვალშია „ოსური სული“ და ოსური ენისა და კულტურის ქალაქი, თითქმის მთლიანად რუსულენოვანი ვლადიკავკაზისგან განსხვავებით. მაგრამ დღეს ეს ყველაფერი წარსულშია. სეპარატიზმმა ცხინვალელი ოსების ეროვნული იდენტობა „ჩაკლა“.

 

დღეს ცხინვალში უკვე ოკუპანტების ენაზე საუბრობენ. ოსური ენა და ოსური კულტურა დავიწყებას მიეცა. ცხინვალის რეგიონის შიდა მხარეში კიდევ უფრო სამწუხარო მდგომარეობაა. სოფლები, სადაც ოსური სკოლების აქტივობა მაღალი იყო და ცხოვრება დუღდა იმ დროს, როცა რეგიონი ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში იყო, დაცარიელდა, ბევრი სკოლა უბრალოდ დაიხურა, დანარჩენში კი სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობს.

 

პარადოქსულია, რომ ახლა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დარჩენილ ბიბლიოთეკებში ოსურ ლიტერატურას არავინ კითხულობს. მარტივი მიზეზის გამო - ახალგაზრდები ისედაც არ ლაპარაკობენ მშობლიურ ენაზე, შესაბამისად არც შეუძლიათ ბეჭდური დამწერლობის წაკითხვა და გაგება, მათ შორის არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც დაწყებით სკოლაშიც კი ოსურად წერა-კითხვას ასწავლიდნენ. ცხადია, ახალი ლიტერატურა ოსურ ენაზე აღარ იბეჭდება, როგორც არასაჭირო.

 

 ოდესღაც დიდ ოსურ სოფლებში, საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე მოხუცი დარჩა, მათთან ზაფხულობით ჩამოსული შვილიშვილები ხშირად უბრალოდ ვერ ლაპარაკობენ ოსურად ბებია-ბაბუასთან, რადგან მათ ეს უბრალოდ არ იციან.

მათმა დედებმა და მამებმა მოახერხეს მშობლიური ენის დავიწყება და აღმოჩნდნენ რუსულენოვან გარემოში. მაგრამ ოკუპირებული რეგიონის ბევრ სოფელში, სამწუხაროდ, არც ოსურად ლაპარაკობენ და არც სხვა ენაზე. უბრალოდ იმიტომ, რომ ოსური სოფლების უმეტესობაში მოსახლეობა საერთოდ აღარ დარჩა.

სეპარატისტულ ტერიტორიაზე სრულიად გადაშენებული და მიტოვებული სოფლების რაოდენობა უბრალოდ გამაოგნებელია.

 

ამ ფონზე, საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც ოსური სოფლებია შემორჩენილი, ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე „დამოუკიდებელ“ სამხრეთ ოსეთში. ასე რომ, საქართველოში ყველაზე დიდ ოსურ სოფელში, რომელიც მდებარეობს კახეთში, ლაგოდეხის რაიონში, არეშფერანში არის კოსტა ხეთაგუროვის სახელობის საშუალო სკოლა, სადაც სწავლობენ ოსურ ენას.  ამ სოფელში ოსური ენა ბევრად უფრო ხშირად ისმის, ვიდრე ოკუპირებულ ცხინვალში. ამიტომ არსებობს იმედი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მოძმე ქართველი და ოსი ხალხების შერიგება საშუალებას მისცემს ოსური ენისა და ოსური კულტურის აღორძინებას ცხინვალის რეგიონშიც.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 766


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები