საზოგადოება

ანაზღაურების მიღების მიზნით, მოქალაქეები სისხლის ჩაბარებას სავარაუდოდ, ვეღარ შეძლებენ

17.05.22 12:40


ანაზღაურების მიღების მიზნით, მოქალაქეები სისხლის ჩაბარებას სავარაუდოდ, ვეღარ შეძლებენ. აღნიშნულის მიზნით, კანონში ცვლილებები იგეგმება, რის შედეგადაც 2025 წლიდან სისხლის ჩაბარება ნებაყოფლობითი ხდება, ანაზღაურების გარეშე.

 

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია „ინტერპრესნიუსთან“ განმარტავს, მცირე ზომის სისხლის ბანკების რეორგანიზაციის შედეგად ქვეყანაში მხოლოდ 3 სისხლის დაწესებულება იფუნქციონირებს. რეგულირების სააგენტოში კი სპეციალური ერთეული, ქვედანაყოფი ჩამოყალიბდება, რომელიც სისხლის პროდუქტების მოძრაობაზე კონტროლს და მათი ტესტირების პროცესების მონიტორინგს უზრუნველყოფს.

 

ამასთან, როგორც თამარ გაბუნია აღნიშნავს, დონორებისთვის გათვალისწინებული იქნება საპატიო წოდების მინიჭება, ასევე ერთჯერადი ფულადი წახალისება.

 

„კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის მიერ განიხილება, სისხლის სისტემის რეფორმას ითვალისწინებს. მოქმედი კანონი მიღებულია 1995 წელს და თანამედროვე სისტემის მოწყობის ბევრი ასპექტი გათვალისწინებული არ არის, შესაბამისად, ევროდირექტივების შესაბამისიც არ არის. ჩვენი მიზანია, სისხლის სისტემა ისე იყოს მოწყობილი, რომ შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ევროდირექტივებს. ამ მიმართულებით მუშაობა 2 თვის წინ დაიწყო, ლიეტუვა და ნიდერლანდების სამეფოს ექსპერტები მუშაობდნენ ჩვენს ექსპერტებთან ერთად.

 

ჩვენს შემთხვევაში სისტემა მეტად დატვირთულია, ვიდრე ეს საერთაშორისო სტანდარტებით არის გათვალისწინებული. საქართველოში 24 სისხლის ბანკი ფუნქციონირებს, მაშინ როდესაც ლიეტუვას 3 სისხლის დაწესებულება აქვს, სადაც სისხლის პროდუქტის სრული ციკლი მზადდება. ნიდერლანდების სამეფოს კი სულ ერთი აქვს.

 

კანონპროექტის მიზანია ცენტრალიზებული სისტემის შექმნა, რომელსაც ხელშეწყობა ექნება ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით. ასევე, გათვალისწინებულია ეროვნულ დონეზე რეგულირების სააგენტოში, სპეციალური ერთეულის, ქვედანაყოფის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის პროდუქტების მოძრაობაზე კონტროლს, მათი ტესტირების პროცესების მონიტორინგს. დღესაც ხორციელდება მონიტორინგი 4 ინფექციის მიმართულებით, რაც სავალდებულო მოთხოვნაა და რჩება. ევროდირექტივების და საუკეთესო პრაქტიკის თანახმად, უანგარო დონაცია თავიდან აგვაცილებს სისხლის უსაფრთხოების რისკებს, ამდენად კანონპროქტი ორიენტირებულია უანგარო დონაციაზე, იმგვარად რომ 2025 წლის პირველი იანვრიდან ჩვენ სრულად უნდა გადავიდეთ უანგარო დონაციაზე.

 

დღევანდელი მონაცემებით, თუ წელიწადში საშუალოდ 95 ათასამდე დონაცია ტარდება, აქედან უანგარო 41% შემთხვევებშია, 42% ანაზღაურებადია, 16 % კი ნათესაურია. ახალი კანონის თანახმად, ეს სისტემა უნდა გადავიდეს უანგარო დონაციაზე.

 

დონორებისთვის გათვალისწინებულია საპატიო წოდების მინიჭება, შესაძლოა იყოს ერთჯერადი ფულადი წახალისება, თუმცა, არ იქნება კომერციული ელემენტები. იქნება დონორობის სტატუსის პრომოცია, საგანმანათლებლო კამპანია სკოლებიდან დაწყებული. დონორის სტატუსი აღირებული და დაფასებული უნდა იყოს“,- აღნიშნავს გაბუნია.

 

მისივე ინფორმაციით, ახალი კანონპროექტის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებებში დარჩება სისხლის ბანკი, სადაც მომზადებული სისხლი მივა, შეინახავენ იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც სჭირდება დაწესებულებას.

 

„სისხლის დაწესებულება, რომელიც აწარმოებს სისხლს, არ უნდა იყოს სამზე მეტი, რაც ჩვენი ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე საკმარისია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები ცალსახად მიუთითებს, რომ სისხლის სისტემა, სისხლის მწარმოებელი დაწესებულებები უნდა იყოს არაკომერციული, არასამეწარმეო პირის მიერ ჩამოყალიბებული.

 

აქედან 3 სისხლის დაწესებულების აქტივობას როდესაც ვუშვებთ, ერთი უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული, ორი კი შეიძლება იყოს კერძო სუბიექტი, თუმცა მაინც არასამეწარმეო და არაკომერციული უნდა იყოს, არ უნდა იყოს მოგებაზე ორიენტირებული. რა თქმა უნდა, გარდამავალი პერიოდი გათვალისწინებულია.

2024 პირველი იანვრიდან არის ნავარაუდევი არასამეწარმეო-არაკომერციული პირის სტატუსის სისხლის დაწესებულების ჩამოყალიბება, ან არსებულების რეორგანიზაცია. 2025 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს ცენტრალიზებული მოდელი, რაც დაფუძნებული იქნება 3 სისხლის დაწესებულებაზე, მათ შორის, ერთი სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს დაფუძნებული.

 

სამედიცინო დაწესებულებებში უნდა დარჩეს სისხლის ბანკი. სისხლის ბანკი ის დაწესებულებაა, სადაც სისხლის პროდუქტი ინახება, ასევე სისხლის ბანკში შესაძლებელია სისხლის აღება, რათ ეს სისხლი გადაიგზავნოს იმ დაწესებულებაში, სადაც დაამზადებენ შემდგომი გამოყენებისთვის.

 

თუ ვსაუბრობთ, მხოლოდ სისხლის ბანკებზე, კანონის ახალი ვერსია გვთავაზობს ორი ტიპის დაწესებულებას. პირველი დაწესებულება იქნება სისხლის, რომელიც მთავარი ადგილია, აქ ხდება სისხლის პროდუქტების დამუშავება, ტესტირება, ტრანსპორტირებისთვის მომზადება. მეორე ადგილია სისხლის ბანკი სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მომზადებული სისხლი მივა, შეინახავენ იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც სჭირდება დაწესებულებას”,- აღნიშნავს თამარ გაბუნია.

 

ამასთან, თამარ გაბუნია დასძენს, რომ ის სამედიცინო პერსონალი, რომელიც სისხლის ბაკებში მუშაობდა, დასაქმდება სამედიცინო დაწესებულებებში განთავსებულ სისხლის ბანკში.

 

"მცირე ზომის ბანკების რეორგანიზაციის შედეგად მარტივად აიღებს თავის თავზე ამ ფუნქციას დიდი ზომის და კარგად გამართული სისხლის ბანკები. რაც შეეხება იმ პერსონალს, რომელიც მუშაობს არსებულ სისხლის ბანკში. ეს ადამიანები აუცილებლად დასაქმდებიან სისხლის ბანკებში, რომელიც გამსხვილებული სახით შეიქმნება. დამხმარე პერსონალს შეეძლება იმუშაონ სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკში, რომელიც არ უზრუნველყოფ სისხლის დამზადებას, მაგრამ უზრუნველყოფს, სისხლის შენახვას, გადასხმისთვის მომზადებას და ასე შემდეგ",- აღნიშნავს გაბუნია.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები