პოლიტიკა

უკანონო ზეწოლა პოლიციელებზე, სამხედრო და სუს-ის მოსამსახურეებზე - DRI-ს საგანგაშო კვლევას აქვეყნებს

20.05.22 14:00


დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აქვეყნებს კვლევას, რომელიც პოლიციელების, სამხედრო მოსამსახურეებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეებზე უკანონო ზეწოლის შესახებ ანგარიშს მოიცავს.

 

როგორც კვლევაშია ნათქვამი, პარლამენტში ინიცირებული კანონის პროექტის მიხედვით, შესაძლებელი ხდება პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის თანხმობით ან თანხმობის გარეშე. ორგანიზაციის შეფასებით, კანონპროექტი შეიცავს ბუნდოვან ნორმებს, რაც მაღალი თანამდებობის პირებს ანიჭებს უკონტროლო და დაუსაბუთებელი მოქმედების შესაძლებლობას და არ გამორიცხავს ნორმის გამოყენებას შესაბამისი პირის „დასასჯელად“:

 

"მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონის პროექტის მიხედვით, შესაძლებელი ხდება პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის თანხმობით ან თანხმობის გარეშე, მსგავსი ფუნქციის მქონე თანაბარ თანამდებობაზე გადაყვანა ტერიტორიულად სხვა ადგილზე. გადაყვანის ვადის ამოწურვის შემდეგ, თუ პირვანდელ თანამდებობაზე დაბრუნება შეუძლებელი აღმოჩნდება და მოსამსახურე უარს განაცხადებს შეთავაზებულ თანამდებობაზე, ის გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

 

ამ კანონპროექტს წინ უსწრებდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში 2021 წლის ბოლოს დაჩქარებული წესით განხორციელებული ცვლილებები, რომელმაც შესაძლებელი გახადა მოსამართლეთა მივლინება სხვა სასამართლოში, მათი თანხმობის გარეშე. კანონპროექტის განხილვის დროს, საქართველოს პარლამენტს 14-მა მოსამართლემ ღია წერილით მიმართა, არ დაებრუნებინათ დრო, როდესაც მსგავსი მექანიზმით „ურჩი“ მოსამართლეები ისჯებოდნენ.

 

წარმოდგენილი კანონის პროექტი საჯარო მოსამსახურეს არ უტოვებს არჩევანის შესაძლებლობას. უფლებამოსილ თანამდებობის პირს შეეძლება თანამშრომელი სხვა ტერიტორიულ ერთეულში იმისდა მიუხედავად გადაიყვანოს, თანახმა იქნება თუ არა ამაზე გადასაყვანი პირი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, საჯარო სამსახურის სტაბილურობა, სახელმწიფო თანამდებობის პირების საქმიანობის დამოუკიდებლობის აუცილებელი პირობაა. თანხმობის გარეშე თანამშრომლისთვის სამუშაო ადგილის შეცვლა,  თანამშრომლისთვის შრომითი პირობების შეცვლის ტოლფასია. პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამუშაო სპეციფიკა განსხვავებულია, რის გამოც სამართლებრივად განსხვავებულად წესრიგდება მათი შრომის პირობებიც. თუმცა, სამუშაოს სპეციფიკა ვერ იქნება ახალ სამუშაო ადგილზე დაუსაბუთებლად, განუსაზღვრელი ვადით, დასაქმებულის მოსაზრების და სოციალური საჭიროების გაუთვალისწინებლად გადაყვანის გამამართლებელი გარემოება.

 

წარდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურე შესაძლოა მსგავს პოზიციაზე სხვა ტერიტორიულ ერთეულში 2 წლის ვადით „გადაიყვანონ“. თავდაცვის მინისტრის (ან საამისოდ უფლებამოსილი პირის) გადაწყვეტილებით კი, ეს ვადა, შესაძლოა, განუსაზღვრელი დროით გაგრძელდეს.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ კანონპროექტი შეიცავს ბუნდოვან ნორმებს, რაც მაღალი თანამდებობის პირებს ანიჭებს უკონტროლო და დაუსაბუთებელი მოქმედების შესაძლებლობას და არ გამორიცხავს ნორმის გამოყენებას შესაბამისი პირის „დასასჯელად“.

 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონის პროექტის მიღება საფუძველს აცლის საჯარო სამსახურის სტაბილურობის პრინციპს, დაუსაბუთებლად ზრდის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელთა ძალაუფლებას და უკიდურესად მყიფეს ხდის საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა შრომით გარანტიებს. 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები