ანალიტიკა

ქართველ დევნილთა დაბრუნებას აფხაზეთსა და ცხინვალში უკვე 95-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, სომხეთმა ხმა არ მისცა!

11.06.22 13:40


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 76-ე სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც აღიარებს ყველა დევნილისა და იძულებით გადაადგილებული პირის აფხაზეთსა და ე.წ. ცხინვალის რეგიონის "სამხრეთ ოსეთში" დაბრუნების უფლებას.

 

წელს 95-მა ქვეყანამ  დაუჭირა მხარი რეზოლუციას ქართველი დევნილების სახლებში დაბრუნების შესახებ, ხოლო 60 ქვეყანა საქართველოსთან ერთად ამ დოკუმენტის თანაავტორია. ასეთი სერიოზული მხარდაჭერა დოკუმენტს 2008 წლის შემდეგ არ ჰქონია, როდესაც საქართველომ რეზოლუცია პირველად წარუდგინა გაეროს გენერალურ ასამბლეას.

 

საინტერესოა, რომ საქართველოს უახლოეს მეზობლებს შორის ქართველი დევნილების დაბრუნების ცალსახად მხოლოდ თურქეთმა და აზერბაიჯანმა დაუჭირა მხარი. ირანმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა. დიდი ალბათობით, ეს არის საქართველოს მიმართ თეირანის რეჟიმის არც თუ ისე მეგობრული პოზიციის კვლავ  დემონსტრირება.

 

კენჭისყრაში მონაწილეობისაგან 56-მა სახელმწიფომ შეიკავა თავი. საინტერესოა, რომ წელს რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი მნიშვნელოვნად აღემატება მათ ჯამურ რაოდენობას, ვინც თავი შეიკავა ან წინააღმდეგი გამოვიდა.

 

"რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას." - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით. დოკუმენტი ასევე ავალებს გაეროს გენერალურ მდივანს მოამზადოს ყოველწლიური ანგარიში საქართველოში მცხოვრები დევნილთა მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების შესახებ. ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს მოუწოდებენ გააძლიერონ ძალისხმევა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 

ქართველ დევნილთა დაბრუნების წინააღმდეგ ამჯერად 12 ქვეყანა გამოვიდა (რუსეთი, ბელარუსი, ბურუნდი, ჩინეთი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ლაოსი, ნიკარაგუა, სუდანი, სირია, ვიეტნამი, ზიმბაბვე). სომხეთი, რომელიც 2018 წლამდე ასევე რეგულარულად აძლევდა ხმას ქართველი ლტოლვილების დაბრუნების წინააღმდეგ, ამჯერად, ისევე როგორც შარშან, „ეშმაკურად“ მოიქცა - კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

 

ასე მოიქცა სხვათა შორის რუსეთის „მოკავშირე“ ვენესუელა, რომელიც დღემდე აღიარებს ე.წ. სოხუმის და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმების "დამოუკიდებლობას", მაგრამ ამჯერად ქართველი დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

სინამდვილეში სომხური ლობი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სამუდამოდ ჩამოაჭრას საქართველოს ძირძველი ქართული მიწები აფხაზეთი და სამაჩაბლო.

განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა სისწრაფით ხდება ოკუპირებული აფხაზეთის დასახლება სომეხი ეროვნების მოსახლეობით, მათ შორის აზერბაიჯანული არმიის მიერ ლიკვიდირებული ე.წ. „არცახიდან“ წამოსულთა რიგებიდან. რომლის სეპარატისტებიც, შეგახსენებთ, აღიარებენ ე.წ. სეპარატისტული აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის" „დამოუკიდებლობას“ და „არცახის“ დელეგაციები იქ რეგულარულად ჩადიან ერევნის გავლით.

 

ძალიან საინტერესოა დავაკვირდეთ წლების განმავლობაში ქართველი დევნილების დაბრუნების შესახებ რეზოლუციების კენჭისყრის დინამიკას:

 

• 2021 წელს რეზოლუციას მხარი დაუჭირა 80-მა ქვეყანამ, წინააღმდეგი იყო 14, თავი შეიკავა 70-მა, სომხეთმა ხმა არ მისცა;

 

• 2020 წელს 84 ქვეყანა იყო მომხრე, 13 წინააღმდეგი, 78 თავი შეიკავა, სომხეთმა ხმა არ მისცა;

 

• 2019 წელს 79 ქვეყანა იყო მომხრე, 15 წინააღმდეგი, ხოლო 57-მა თავი შეიკავა. სომხეთი - ხმას არ იღებდა;

 

• 2018 წელს 81 ქვეყანა იყო მომხრე, 16 წინააღმდეგი, ხოლო 62-მა თავი შეიკავა. სომხეთმა წინააღმდეგი მისცა ხმა;

 

• 2017 წელს 80 ქვეყანა იყო მომხრე, 14 წინააღმდეგი, 61 თავი შეიკავა, სომხეთი წინააღმდეგი იყო;

 

• 2016 წელს 76 სახელმწიფო იყო მომხრე, 15 წინააღმდეგი, 64 თავი შეიკავა, სომხეთი წინააღმდეგი იყო;

 

• 2015 წელს 75 ქვეყანა იყო მომხრე, 16 წინააღმდეგი, 78-მა თავი შეიკავა. სომხეთმა საწინააღმდეგოდ მისცა ხმა;

 

• 2014 წელს 69 ქვეყანა იყო მომხრე, 13 წინააღმდეგი და 79 თავი შეიკავა. სომხეთმა საწინააღმდეგოდ მისცა ხმა;

 

• 2013 წელს 62 ქვეყანა იყო მომხრე, 16 წინააღმდეგი, ხოლო 84-მა თავი შეიკავა. სომხეთმა საწინააღმდეგოდ მისცა ხმა.

 

• 2012 წელს 60 ქვეყანა იყო მომხრე, 15 წინააღმდეგი, ხოლო 82 ქვეყანამ თავი შეიკავა. სომხეთმა საწინააღმდეგოდ მისცა ხმა.

 

• 2011 წელს 57 ქვეყანა იყო მომხრე, 13 წინააღმდეგი, ხოლო 74 სახელმწიფომ თავი შეიკავა. სომხეთმა საწინააღმდეგოდ მისცა ხმა;

 

• 2010 წელს 50 ქვეყანა მომხრე, 17 წინააღმდეგი; 86-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა. სომხეთმა საწინააღმდეგოდ მისცა ხმა.

 

• 2009 წელს 48 ქვეყანა იყო მომხრე, 19 წინააღმდეგი; 78-მა თავი შეიკავა; სომხეთმა საწინააღმდეგოდ მისცა ხმა.

 

• 2008 წელს 14-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას ქართველი დევნილების დაბრუნების შესახებ (იმ წელს - მხოლოდ აფხაზეთში დაბრუნებას, ვინაიდან კენჭისყრა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტამდე ჩატარდა), 11-მა ქვეყანამ საწინააღმდეგოდ მისცა ხმა, 105-მა კი თავი შეიკავა. სომხეთმა საწინააღმდეგოდ მისცა ხმა.

 

სულ რაღაც 15 წელიწადში სომხეთმა 11-ჯერ მისცა ხმა ქართველი დევნილების დაბრუნებას, 4-ჯერ - მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. ესეც შენი „მოძმე ქრისტიანული ქვეყანა“  თუ შეიძლება ასე ითქვას.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 505


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები