პოლიტიკა

სვენია შულცე - მესმის იმედგაცრუება, მაგრამ ჩვენ ჩამოვიტანეთ გზავნილი, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა საქართველოსთვის არ არის დაკეტილი, გერმანია საქართველოს მხარს დაუჭერს 

01.07.22 14:00


მესმის იმედგაცრუება, მაგრამ ჩვენ ჩამოვიტანეთ გზავნილი, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა საქართველოსთვის არ არის დაკეტილი, გერმანია საქართველოს მხარს დაუჭერს კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა სვენია შულცემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, საჭიროა ის რეფორმები, რომლებიც ევროკავშირმა დაასახელა.

 

„ევროპა 24 თებერვლიდან საგანგებო მდგომარეობაშია. ომს არა მარტო დიდი განუზომელი ტკივილი მოაქვს უკრაინისთვის, მისი მოსახლეობისთვის, არამედ მთლიანად რეგიონზე იქონია გავლენა. ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში რეფორმებზე ორიენტირებული ქვეყნების მხარდაჭერა. საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია. ეს ევროპის კომისიამაც მკაფიოდ აღნიშნა თავის პოზიციაში საქართველოს მიმართ და ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას. მე ცოტა ხნის წინ ვიხილე ევროკავშირის მხარდამჭერი აქცია თბილისში, ასი ათასობით ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში და მხარი დაუჭირა ევროპის გზას, ეს ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა.

 

მე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პირველი წარმომადგენელი ვარ, რომელიც ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა და მიწევს ზუსტად იმ იმედგაცრუებას გავუსწორო თვალი, რაც საქართველოშია. მესმის ეს იმედგაცრუება, მაგრამ ჩვენ ჩამოვიტანეთ გზავნილი, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ არის არანაირად დაკეტილი. საჭიროა ის რეფორმები, რომლებიც ევროკავშირმა დაასახელა. გერმანიას სურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე და სწორედ რომ განვითარების სფეროებში თანამშრომლობა. ეს თანამშრომლობა ჩვენ შეგვიძლია იმ ბაზარზე ავაშენოთ, რომელიც გვაქვს უკვე 30 წელია, ძალიან კარგი და მეგობრული თანამშრომლობა. ზუსტად წელს ვიზეიმეთ ჩვენი თანამშრომლობის 30 წლისთავი და ცოტა ხნის წინ ამის აღსანიშნავი მიღებაც გავმართეთ“, – განაცხადა სვენია შულცემ.

 

მისივე თქმით, გერმანია საქართველოს მხარს დაუჭერს კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე.

 

„ჩვენ ჩამოვედით და არ ვამბობთ იმას, რომ აი, ეს უნდა გააკეთოთ, ან ის, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ, სად არის საჭიროება, რომ ერთად ვიმუშაოთ, სად უნდა ვითანამშრომლოთ. ჩვენ უკვე ბევრ სფეროში ვთანამშრომლობთ, იქნება ეს ენერგეტიკის, თუ სხვა სფერო. ჩვენ ვიმუშავებთ ერთად, დავადგენთ იმ საჭიროებებს, სადაც აუცილებელია მომავალი თანამშრომლობა“, – განაცხადა შულცემ.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები