პოლიტიკა

სასამართლომ მარნეულში ეკლესიის დაფინანსება დისკრიმინაციულად მიიჩნია

01.07.22 16:00


ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის დაფინანსება დისკრიმინაციულად და ბათილად მიიჩნია.

 

მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს მარნეულელმა აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ და სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესმა სასულიერო სამმართველომ. მათ ინტერესებს სასამართლოში იცავდა „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

 

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტის, თათია კაჭარავას განცხადებით, მარნეულის მუნიციპალიტეტი წლების განმავლობაში მხარს უჭერდა რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას სოლიდური თანხებით, თუმცა, იმ დროს, როდესაც მარნეულის მოსახლეობის უმრავლესობას მუსლიმები შეადგენენ, ამ თანხების აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდასაჭერად მიემართებოდა.

 

მისივე განცხადებით, ბოლნისის სასამართლომ გაიზიარა მათი პოზიცია და დაადგინა დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით და უკანონოდ ცნო მარნეულის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლითაც თანხები მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიისთვის იყო გამოყოფილი.

 

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არა მხოლოდ მუსლიმებისთვის, არამედ მარნეულში მცხოვრები სხვა კონფესიის წარმომადგენლებისთვისაც, რადგან მათ ნაწილშიც იყო დისკრიმინაციული გადაწყვეტილება“, – აცხადებს კაჭარავა.

 

მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, მუნიციპალიტეტს მოუწევს, მომავალში შეცვალოს რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების ეს პრაქტიკა.

 

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თამთა მიქელაძე ფეისბუკზე წერს, რომ მიმდინარე წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ჰუჯაბისა და მარნეულის ეპარქია მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან იღებდა დაფინანსებას 400 000 ლარის ოდენობით. სხვა რელიგიური ორგანიზაციები კი, მათ შორის, ისლამური ორგანიზაციები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ, საერთოდ არ იღებდნენ დაფინანსებას.

 

„ამ სასამართლო დავას, რომელიც 2019 წელს დავიწყეთ, დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა ადგილობრივი ეპარქიის მხრიდან და იყო უპასუხისმგებლო კამპანია, თითქოს ჩვენ ვასაჩივრებთ მარნეულის სოფლებში ჯვრების აღმართვას, რაც იმთავითვე ავხსენით, რომ დაუსაბუთებელი პროვოკაცია იყო სარჩელის და ჩვენ წინააღმდეგ.

 

ჩვენი მიზანია, რომ საჯარო რესურსები სეკულარული საჯარო მიზნებისთვის იხარჯებოდეს და სახელმწიფო პოლიტიკა გათავისუფლდეს რელიგიურ ორგანიზაციებსა და ჯგუფებს შორის იერარქიზებისგან და უთანასწორობისგან“, — წერს თამთა მიქელაძე.


ნეტგაზეთს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, რომ არ ეთანხმებიან სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მის გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში გეგმავენ.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები