პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ - აუცილებელია, სასწრაფოდ გადაიხედოს მოქალაქეთა მიმოსვლის რეჟიმი რუსეთთან და ერთწლიანი უვიზო რეჟიმი შემცირდეს 1-3 თვემდე

04.08.22 12:00


პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს განცხადებას რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შესაძლო მასობრივი მიგრაციის შესახებ.

 

პარტიაში აცხადებენ, რომ აუცილებელია, სასწრაფოდ გადაიხედოს მოქალაქეთა მიმოსვლის რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან და ერთწლიანი უვიზო რეჟიმი შემცირდეს 1-3 თვემდე.

 

„რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში, რომლის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, მიგრაციის რეჟიმი შეუძლებელია იყოს ისეთი, როგორიც იყო აქამდე, წინა წლების განმავლობაში.

 

საქართველო დღეს განსაკუთრებული რისკების წინაშე დგას, მათ შორის, უსაფრთხოების თვალსაზრისით. საქართველოში შემომსვლელ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს სხვადასხვა მიზანი შეიძლება ამოძრავებდეთ.

 

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, სასწრაფოდ გადაიხედოს დღეს მოქმედი მოქალაქეთა მიმოსვლის რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან და როგორც მინიმუმ, ერთწლიანი უვიზო რეჟიმი შემცირდეს 1-3 თვის ვადამდე.

 

აუცილებელია, ერთმანეთისგან განვასხვავოთ ტურისტული მიზნებითა (რომელთათვის 1-3 თვემდე უვიზო პერიოდი აბსოლუტურად საკმარისია) და სხვა მიზნებით საქართველოში შემოსული ადამიანები.

 

აღნიშნული საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის ფონზე, როცა: გუშინ ვიხილეთ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის – დიმიტრი მედვედევის განცხადება, რომელმაც რუსეთის იმპერიალისტური მიზნები კიდევ ერთხელ აშკარად დაადასტურა (რეალური იყო თუ არა კონკრეტული განცხადება უმნიშვნელოა, რადგან ეს ისედაც დადასტურებული ფაქტია); ხელისუფლების მხრიდან ღია თავდასხმები მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის მშვიდობის და სტაბილურუბის გარანტზე – დასავლელ პარტნიორებზე; ქვეყანაში მიმდინარეობს ღია რუსული პროპაგანდა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ცალკეული პრორუსული ჯგუფების მიერ;

 

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთიდან შემოსული ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში ფუძნდება, ყიდულობს უძრავ ქონებას, არეგისტრირებს ბიზნესს.

 

უსაფრთხოების რისკებთან ერთად, ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემებია – ქვეყნიდან გაედინება საქართველოს მოქალაქეთა უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა.

 

ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათი ქვეყნის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში, სასათბურე პირობების შექმნა, მათ შორის პოლიტიკური განცხადებებით, მინიმუმ საზოგადოების ინფორმირების და საფრთხეების შეფასების გარეშე, ცხადია, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიულ მდგრადობას და ზრდის საფრთხეებს ქვეყნის სუვერენიტეტისთვის გრძელვადიან პერიოდში.

 

ამიტომ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისა და დემოგრაფიული მდგრადობის შენარჩუნებისათვის, სახელმწიფომ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის: 1. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გამოცხადდეს პარლამენტში და მოქალაქეებს აუხსნას პოტენციური საფრთხეები და რისკები მიმდინარე პროცესიდან გამომდინარე; 2. შეიცვალოს უვიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან და მოხდეს ვადების ოპტიმიზაცია (1-3 თვიანი უვიზო პერიოდი)“, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები