პოლიტიკა

გიგა ბოკერია - ჩვენ რომ არ ვიყოთ, თქვენს შვილებს დაბომბავდნენო - ნუ ატყუებენ ხალხს, შეხედონ კადიროვს, რა ხდება დაღესტანში, ანუ მაშინ, როცა ბოროტებას უთმობ

08.08.22 17:40


ხელისუფლების მიზანია, პუტინისტური პროპაგანდისას ყველაფერი თავდაყირა იყოს, ახლა მხოლოდ ეს "მესიჯი" აინტერესებთ - ჩვენ რომ არ ვიყოთ, თქვენს შვილებს დაბომბავდნენო და ამ უსინდისო ტყუილს ამბობენ, როცა რეალურად პირიქით არის ყველაფერი გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც „14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული”.

 

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას სიმართლით ვუპასუხოთ.

 

„რაც აფხაზეთში 90-იანების დასაწყისში მოხდა, თუნდაც 2008 წელს რომ შევადაროთ, განსხვავებულია სისასტიკისა და მსხვერპლის მასშტაბი. მაშინ არც ნატოს საკითხი იდგა, არც ევროკავშირის, არავინ არ იყო, საბჭოთა კავშირი დაინგრა და რუსეთი დასუსტებული იყო, მაგრამ საქართველო იმ არასწორ მხარეს მოხვდა, რაც ნანგრევების მტვრით წარმოიშვა. ეს უნდა იცოდეს საქართველოს ყველა მოქალაქემ. ამ ტყუილს ემსახურება, რომ 14 წლის წინ დაიკარგა აფხაზეთიო, თითქოს მანამდე ყველაფერი კარგად იყო. ეს კაცი გამოდის, რომ საბჭოთა კავშირის აპოლოგეტია, პირდაპირ იძახის, რომ კარგი და ჩვენი იყო.

 

ამით ხალხს ეუბნება, რომ ჩვენ ჩვენი სახელმწიფო არ უნდა გვქონდეს. აფხაზეთი ჩვენი იყო, რას ნიშნავს, ჩვენი სახელმწიფო არ არსებობდა და როცა მოვინდომეთ, მაშინ ამის გამო დაგვსაჯეს. ღარიბაშვილს უნდა, რომ ისევ მაგ დღეში ვიყოთ. როცა სახელმწიფო არ გაქვს, მაშინ არის სისხლისღვრა და მსხვერპლი უფრო დიდი და ნუ ატყუებენ ხალხს. შეხედონ კადიროვს, დაღესტანში რა ხდება, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში, ანუ მაშინ, როცა ბოროტებას უთმობ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ღარიბაშვილი აღნიშნავს: „14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული”.

 

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები