პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე - არავის მივცემთ ბათუმისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის დისკრედიტაციისა და შეჩერების შესაძლებლობას, სახალხო დამცველს სახალხო უნდა მოვაშოროთ, „ნაცების“ დამცველია ეგ

18.08.22 11:40


არავის მივცემთ ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის დისკრედიტაციისა და მით უმეტეს, შეჩერების შესაძლებლობას, – ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სახალხო დამცველის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელშიც ნინო ლომჯარიას აპარატი პარლამენტის მიერ 23 ივნისს მიღებული ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას და მის შეჩერებას ითხოვს.

 

ცვლილებების მიხედვით, პროექტ „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ ფარგლებში, ბათუმის მერს გარკვეული სამშენებლო რეგულაციების შეცვლის ერთპიროვნული გადაწყვეტილების უფლება მიეცა. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ კანონპროექტს სასამართლოში დაიცავენ. რაც შეეხება სახალხო დამცველს, რიჟვაძის განცხადებით, „მას უნდა ჩამოშორდეს სახალხოს სტატუსი და დაერქვას „ნაცმოძრაობის“ დამცველი“.

 

„ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბათუმისთვის გახლავთ ავარიული სახლები და ამ ავარიულ სახლებში მცხოვრები 3 000-ზე მეტი ოჯახის მდგომარეობა. სულ რამდენიმე წუთის წინ სასწაული ამბავი მოვისმინეთ, რომ ის ღონისძიებები, რომლებიც ტარდება ავარიული სახლების პროგრამის ასამოქმედებლად და სადაც ჩვენ უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოგვიხატა, სახალხო დამცველმა და ალბათ სახალხო უნდა მოვაშოროთ და „ნაცებთან“ შეზრდილი, „ნაცების“ დამცველია ეგ, რა თქმა უნდა, როგორც ყველა კარგ საქმეზე, მიიტანეს იერიში და გაასაჩივრეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

ჩვენ, რა თქმა უნდა, აუცილებლად დავიცავთ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, თუმცა ამავე დროს მინდა, განმარტება გავაკეთო, რომ არავის მივცემთ ამ მართლაც მნიშვნელოვანი, ქალაქისთვის ყველაზე მთავარი პროგრამის დაზიანების, დისკრედიტაციის საშუალებას და მით უმეტეს, გაჩერების შესაძლებლობას. ახლა, რაც შეეხება შედეგებს ამ ისტორიული პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით.

ბათუმის მუნიციპალიტეტმა შესაბამის ორგანოებთან ერთად მოახერხა, რომ დაეწყო ოთხი პროექტი იმ ფინანსური რესურსით, რომელიც იქნა ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილი და დაახლოებით 200-ზე მეტი ოჯახი მერიის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში მიიღებს შესაბამის საცხოვრისს. ასევე, მინდა მოვუწოდო სამშენებლო სექტორს, დეველოპერულ სექტორს, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადონ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში, მაქსიმალურად მალე მიაღწიონ შეთანხმებებს, რომ შევძლოთ ამ პროგრამის კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით ამოქმედება. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროგრამა განხორციელდეს კეთილსინდისიერად და ის გეგმა, რომელიც გვაქვს, რომ 2025 წლისთვის უნდა განხორციელდეს ყველა ოჯახის დაკმაყოფილება, უნდა იქნას მიღწეული როგორც მთავრობის, ასევე კერძო სექტორის, მერიის, ყველას აქტიური ჩართულობით“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

ამასთან, მისივე თქმით, სამშენებლო რეგულაციებში პარლამენტის მიერ 23 ივნისს შეტანილი ცვლილებები, რომელიც სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, არ ეხება ძველ ბათუმს.

 

„გარკვეული სპეკულაციები გამოიწვია ძველი ბათუმის კონტექსტში ამ ცვლილებებმა, ამიტომ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ განვამრტავ, რომ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ძველი ბათუმის იერსახის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება, მათი მოვლა. ამიტომ, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს ცვლილებები არ ეხება ძველ ბათუმს. შენარჩუნდება მორატორიუმის რეჟიმი, იქნება მხოლოდ ძეგლების რეაბილიტაცია კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ფარგლებში. ასევე, მინდა, ვთხოვო ბათუმის მუნიციპალიტეტს და მერიას, ეკონომიკის სამინისტროს, რომ პირველი სექტემბრიდან მოვახდინოთ ძველი ბათუმის რეაბილიტაციისთვის, როგორც ფინანსური რესურსის გამოძებნა, რათა მაქსიმალურად მალე შევძლოთ კონკრეტული კვარტლების რეაბილიტაცია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ იერსახე. შეზღუდვები, რომელიც მოქმედებდა აქამდე,  გახლავთ 12-მეტრიანი შეზღუდვა. ეს რჩება ძალაში და ძველ ბათუმთან მიმართებით კოეფიციენტი არ გაიზრდება. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ძველ ბათუმთან მიმართებით ეს სპეკულაციები დასრულდება და ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

სახალხო დამცველმა ბათუმში დაგეგმილ სამშენებლო რეგულაციებთან დაკავშირებული ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნული დროებითი რეგულაცია სამშენებლო კომპანიებს უფლებას აძლევს, შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესი უსაფრთხოების, მშენებლობის ძირითადი პირობების, სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების და ევაკუაციის წესების დაცვის გარეშე წარმართონ.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები