პოლიტიკა

ევროკავშირის ახალი ელჩი - კარლ ჰარცელი იყო საქართველოს მეგობარი, მან თავისი მაქსიმუმი გააკეთა - როცა გსურს გახდე ევროპული ოჯახის წევრი, ხარ ძალიან ფრთხილი, თუ როგორ ახასიათებ ამ ოჯახის წევრებს

20.09.22 12:30


საქართველოში ევროკავშირის ახალი ელჩი პაველ ჰერჩინსკი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პირველ განცხადებებს აკეთებს. ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალმა ხელმძღვანელმა სხვადასხვა აქტუალური საკითხი პირველად „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში შეაფასა.

 

მათ შორის, ინტერვიუში, რომელსაც სააგენტო რამდენიმე საათში შემოგთავაზებთ, პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დასავლელი პარტნიორების კრიტიკასთან დაკავშირებულ კითხვას პასუხობს და აცხადებს, რომ „მაშინ, როცა გსურს გახდე ევროპული ოჯახის წევრი, როგორც წესი, ხარ ძალიან ფრთხილი იმასთან დაკავშირები, თუ როგორ ახასიათებ ამ ოჯახის წევრებს“.

 

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში დიალოგის საგანი იქნება მხოლოდ ის, რომ საქართველო ცდილობს შეუერთდეს თავისუფალი, დემოკრატიული, აყვავებული ქვეყნების ოჯახს.

 

ამასთან, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მისი სამუშაო საქართველოში იქნება ცალსახა - დაეხმაროს ქვეყანას გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

 

„ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი. საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის სურვილი გამოთქვა ასოცირეის საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას. ძალიან პოზიტიური განცხადებებიც იქნა გაჟღერებული. ევროპული პერსპექტივით, ჩვენ ველით, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. ევროკომისიის პრეზიდენტის 2-3 დღის წინ გაკეთებულ განცხადებაშიც კი მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, რომელიც ცდილობს შეუერთდეს ამ ოჯახს, აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ სწორედ, ეს იქნება დიალოგის საგანი - საქართველო, რომელიც ცდილობს შეუერთდეს თავისუფალი, დემოკრატიული, აყვავებული ქვეყნების ოჯახს. კრიტიკა ყოველთვის ჯანსაღია, მაგრამ მაშინ, როდესაც გსურს გახდე ოჯახის წევრი, როგორც წესი, ხარ ძალიან ფრთხილი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ახასიათებ ამ ოჯახის წევრებს. ჩემი სამუშაო აქ ძალიან ცალსახა იქნება, დავეხმარო საქართველოს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

 

რაც შეეხება უშუალოდ მისი წინამორბედის, კარლ ჰარცელის მიმართ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას, რომ მან ნეგატიური როლი შეასრულა პოლიტიკურ პროცესებში, ევროკავშირის ახალმა ელჩმა აღნიშნა, რომ „კარლ ჰარცელი საქართველოს დიდი მეგობარი იყო და 4 წლის განმავლობაში გააკეთა ყველაფერი საქართველოს ევროკავშირთან დასაახლოვებლად“.

 

„მე ვიცნობ ჩემს წინამორბედს და ვიცი, რომ ელჩი ჰარცელი იყო საქართველოს ნამდვილი მეგობარი. საქართველოში გატარებული 4 წლის განმავლობაში მან თავისი მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები წინ წაეწია. რა თქმა უნდა, გამოწვევები ყოველთვის არის, თუმცა მე ვიცი, რომ ის თავის მაქსიმუმს ეცადა“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

 

ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელ, პაველ ჰერჩინსკისთან პირველ ექსკლუზიურ ინტერვიუს „ინტერპრესნიუსი“ უახლოეს საათებში შემოგთავაზებთ.

 

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები