პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი - ვაგრძელებთ ევროპულ დედაქალაქებში შეხვედრებს, რომლის მიზანია, კოლეგებს გავაცნოთ რეფორმები, ვისაუბროთ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე

29.09.22 17:00


ვაგრძელებთ საპარლამენტო კონტაქტებს ჩვენს კოლეგებთან სხვადასხვა ევროპულ დედაქალაქში, რომლის მიზანიც არის, გავაცნოთ რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში უკვე განხორციელდა, ასევე, ვისაუბროთ იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რომლებიც ევროკომისიის მხრიდან გამოქვეყნდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა საბერძნეთში, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს მართავს.

 

ჩიქოვანის თქმით, ჩატარებული შეხვედრებიდან გამომდინარე, განწყობა არის პოზიტიური და შეხვედრის მონაწილეები ხედავენ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია.

 

„ხედავენ იმ გამოწვევებსაც, რომელიც არსებობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით და იმ ომით, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში. მეორე მხრივ, ყველა ხვდება, რომ ევროპამ უნდა გასცეს საკადრისი პასუხი და შესაბამისად, იქნას გაცემული გეოპოლიტიკური პასუხი, რომელმაც ნათლად უნდა განსაზღვროს იმ სახელმწიფოთა მომავალი, რომლებიც შედიან ასოცირებულ ტრიოში. რასაკვირველია, საუბარია იმაზე, რომ ეს ქვეყნები საბოლოო ჯამში გახდნენ ევროკავშირის წევრები.

 

ჩვენს კოლეგებთან გვაქვს მუშა პროცესი. ვსაუბრობთ ბევრ კონკრეტულ საკითხზე, გვაქვს აზრთა გაცვლა-გამოცვლა. არის პოზიციები, რომელზეც გვაქვს სრული მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა გულისხმობს იმას, რომ, რა თქმა უნდა, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. მაგრამ არსებობს საკითხები, რომელზეც უფრო მეტი დეტალიზაცია არის საჭირო. იმ რეკომენდაციებთან მიმართებაში, რომელიც უკვე წარმოდგენილია, გვაქვს უფრო კონკრეტული საუბარი, როგორ ვაპირებთ ამ ყველაფრის განხორციელებას.

 

ჩვენ ვერ გავურბივართ საუბარს ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციაზე, თუმცა ვამბობთ, რომ საქართველოში არსებული პოლარიზაციის მიუხედავად, რომელსაც ხელს უწყობს და აღვივებს საქართველოში არსებული რადიკალური პარტიების ნაწილის დღის წესრიგი, საქართელოს აქვს ძალიან წარმატებული შედეგი წლების განმავლობაში, ამას საქართველო არ გაუჩერებია და ვაგრძელებთ რეფორმების განხორციელებას“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები