ანალიტიკა

რუბენ ტატულიანი სომხური ექსპანსიით უკმაყოფილო აფხაზებს თავის ადგილს უჩენს

18.10.22 14:00


სეპარატისტულ აფხაზეთში ატყდა მორიგი სკანდალი, რაც ცხადჰყოფს, თუ ვინ არის ამ ტერიტორიაზე ნამდვილი ბატონ-პატრონი. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ოპოზიციის ე.წ. "აფხაზთა სახალხო მოძრაობამ" (AND) გაუგზავნა ე.წ. მოთხოვნა „აფხაზეთის გენერალურ პროკურატურას“ 2020-2022 წლებში დაახლოებით 6693 აფხაზური სეპარატისტული პასპორტის გაცემის კანონიერების გადამოწმების შესახებ. ამ 6693 პირიდან: სომხების რაოდენობა გახლდათ 3061, რუსების - 1526. ქართველების - 1102, ხოლო სხვა ეროვნების წარმომადგენლებისა - 1004.

 

აღმოჩნდა, რომ ახალი "აფხაზეთის მოქალაქეებისთვის" ყველაზე მეტი პასპორტი ეთნიკურ სომხებზეა გაცემული. ისე ქართველები, რომლებმაც სეპარატისტული პასპორტები მიიღეს, ძირითადად გალის რაიონის უუფლებო მაცხოვრებლები არიან, რომლებსაც ჩამოერთვათ სეპარატისტული მოქალაქეობა და გაჭირვებით, ტყუილით თუ სიმართლით, დიდ ფულის სანაცვლოდ აღადგენენ მშობლიურ მიწაზე, აფხაზეთში არსებობის უფლებას. ეს შესაძლებელს ხდის, რომ მათ მშობლიურ მიწაზე მაინც ჰქონდეთ გარკვეული უფლებები.

 

ცხადია, რომ სომხური თემის რაოდენობის ზრდის ეს ტემპები არ შეიძლება არ აწუხებდეს აფხაზებს. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ადგურ არძინბამ, IDA-ს ლიდერმა, სეპარატისტული „გენერალური პროკურატურის“ მიმართვის კომენტირებისას, განსაკუთრებით  აღნიშნა, რომ ცნობილმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა რუბენ ტატულიანმაც უკანონოდ მიიღო სეპარატისტული მოქალაქეობა: „ამ გრძელ ჩამონათვალში არის გვარები, რაც გარკვეულ კითხვებს გვიჩენს. ყველა მასალა გავაგზავნეთ პროკურატურაში, რომ შეისწავლოს, იქ საბუთების უმეტესობა სავარაუდოდ წესრიგშია. მაგრამ, როგორც ვიცით სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის საჭიროა არა ათასი პასპორტი, არამედ ერთი შემთხვევა. მე ვფიქრობ, რომ იქ საკმაო სამუშაოა,  ყურადღებით უნდა შევისწავლოთ. შეხედეთ, ამ სიაში არიან ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორიცაა ტატულიან რუბენ ალბერტის ძე. ხომ იცნობთ ასეთს, არა? მან აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი 2020 წლის 1 დეკემბერს მიიღო. ის აქ არ დაბადებულა. ჩვენ გვინდა, რომ პროკურატურამ ყურადღება მიაქციოს ამას. რა თქმა უნდა, მე-14 მუხლის მეორე ნაწილში არის B პუნქტი, რომელიც საშუალებას აძლევს პრეზიდენტს პირდაპირი ბრძანებულებით მოქალაქეობა მიანიჭოს იმ პირებს, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული დამსახურება „აფხაზეთის რესპუბლიკის“ მიმართ ან მათ, ვისაც აქვს პროფესია და კვალიფიკაცია, რომელიც „აფხაზეთის რესპუბლიკისთვის“ განსაკუთრებული სახელმწიფო ინტერესს წარმოადგენს“, - განაცხადა ადგურ არძინბამ და მიანიშნა რა „დამსახურებით“ მიიღო რუბენ ტატულიანმა სეპარატისტული პასპორტი. ცნობილია, რომ რუბენ ტატულიანი არა მხოლოდ ქველმოქმედის როლს ასრულებს სეპარატისტულ რეჟიმთან მიმართებაში, არამედ სწორედ მან მოიყვანა ხელისუფლებაში ამჟამინდელი სეპარატისტული მარიონეტული ასლან ბჟანია.

 

ადგურ არძინბამ ასევე აღნიშნა, რომ ტატულიანი არა მხოლოდ აფხაზეთის სეპარატისტული „მოქალაქეობის“ მფლობელია, არამედ დიპლომატიური პასპორტიც აქვს. ფაქტია, რომ 2017 წელს ჩეხეთში მოხდა ინციდენტი, რომელშიც იგივე ტატულიანი ფიგურირებდა, მხოლოდ სომხური დიპლომატიური პასპორტით.

 

ადგურ არძინბას და ბევრი აფხაზის აღშფოთებას მის მიერ სეპარატისტული პასპორტის მიღებასთან დაკავშირებით რუბენ ტატულიანი ძალიან სწრაფად გამოეხმაურა. მან მაშინვე მიანიშნა თუ ვინად თვლის საკუთარ თავს და სხვა აფხაზებს, რა ადგილი უჭირავთ მათ რეალურად საკუთარ მიწაზე. მან Sputnik-თან კომენტარი გააკეთა აფხაზური ოპოზიციის სეპარატისტული „გენერალური პროკურატურის“ მოთხოვნაზე მისთვის აფხაზური პასპორტის გაცემის კანონიერების და მისი მისამართით ადგურ არძინბას მიერ გამოთქმულის შესახებ.

 

რუბენ ტატულიანმა განაცხადა, რომ მისი პაპები, ბაბუები და მშობლები აფხაზეთში დაიბადნენ და ცხოვრობდნენ და ნათესავები "აფხაზეთის თავისუფლებისთვის ღვრიდნენ სისხლს". „მათ სისხლი დაღვარეს თავისუფლებისთვის აფხაზეთის მთელი საერთაშორისო მოსახლეობის გვერდიგვერდ. ჩემს ოჯახში "აფხაზეთის გმირებიც" არიან. მე ყოველთვის ვთვლიდი თავს აფხაზეთის მოქალაქედ, მიუხედავად იმისა, მაქვს თუ არა პასპორტი“, - აღნიშნა ტატულიანმა.

 

მან ასევე შეახსენა, რომ 30 წლის განმავლობაში ეხმარებოდა სეპარატისტულ რეჟიმს სკოლების, საბავშვო ბაღების, გზების შეკეთებაში აღნიშნა, რომ ამას „ყოველთვის დიდი პატივისცემით აკეთებდა“ და გააგრძელებს საქველმოქმედო საქმიანობას. რუბენ ტატულიანმა დასძინა, რომ მისთვის გაუგებარია ადრუგ არძინბას „ორპირი დამოკიდებულება“, რომელიც პატივისცემას გამოხატავს პირადი შეხვედრების დროს და ამავე დროს „სხვა კითხვებს“ სვამს პრესის საშუალებით. ანუ მიუთითებს იმაზე, რომ ადგურ არძინბას უბრალოდ ეშინია მისი და ვერ ბედავს პირადად სიმართლის თქმას.

 

„დარწმუნებით შემიძლია შემდეგი დასკვნის გამოტანა - ადგურ არძინბას არ გააჩნია საკმარისი სიმტკიცე და სულიერი ძალა, რომ პირდაპირ დამისვას მისთვის საინტერესო კითხვები. ეს ადამიანი მუდმივად დაკავებულია გაყალბებით, გადაუმოწმებელ ფაქტებს სინამდვილედ ასაღებს. მზად ვარ გამოვყო შემოწირულობა ამ ადამიანისთვის "Head & Shoulders" შამპუნის შესაძენად ჩემი ხარჯებით. ყველამ იცის, რაში ეხმარება ეს შამპუნი“, - განაცხადა ტატულიანმა.

 

Head & Shoulders ცნობილია როგორც ქერტლის შამპუნი. ეს „თავსაბანი“ მიეძღვნება არა მარტო ადგურ არძინბას, არამედ სომხური ლობის დომინირებით უკმაყოფილო ყველა აფხაზს.

 

რუბენ ტატულიანს მხარს უჭერდა აფხაზეთის სომხური სათვისტომოც, არც ისე უტაქტოდ. თემის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტატულიანი იმსახურებს აფხაზეთის მოქალაქეობას, რადგან მან საქველმოქმედო დახმარება გაწია დაახლოებით 60 მილიონი რუბლის ოდენობით, მის მიმართ მადლიერებას გამოთქვამენ სეპარატისტული "განათლების სამინისტროსა" და "აფხაზეთის ახალგაზრდობის სახელმწიფო კომიტეტისგან". აფხაზეთის სომხური დიასპორის თქმით, ისინი აფხაზებისთვის ამდენს "აკეთებენ",  აფხაზები კი  დღემდე "უმადურები" არიან.

 

რაც ყველაზე საინტერესოა, რუბენ ტატულიანის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ადგურ არძინბას მიმართ დაუჭირეს მხარი აფხაზებმაც, რომლებსაც უბრალოდ ეშინიათ სომხური კრიმინალის და ესმით, რისი გაკეთება შეუძლიათ უკმაყოფილოებს.

 

ერთ-ერთ აფხაზურ ტელეგრამ-არხში ეწერა: „ტატულიანი აფხაზური პასპორტის გარეშე იცხოვრებს მშვიდად და ბედნიერად, რასაც ვერ ვიტყვი აფხაზეთზე ტატულიანის გარეშე. რატომ? რადგან რობსონი (რუბენ ტატულიანის კრიმინალური მეტსახელი - რედ.) არის: ერთიანი რუსეთის პარტია, რომელიც სოჭის მაყურებელია, ფული, სომხური დიასპორა. თუ აფხაზეთს შეუძლია გახდეს სრულიად თვითკმარი და არ იქნება დამოკიდებული სოჭის ფაქტორზე, მაშინ შეგიძლიათ დაივიწყოთ ტატულიანი და გააუქმოთ მისი პასპორტი და აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩევლის/ასისტენტის სტატუსი. მაგრამ ჯერჯერობით ეს არარეალურია და ბჟანია იძულებულია თავი დაიძვრინოს, დაამყაროს ურთიერთობა მეზობელთან, მათ შორის პასპორტების და თანამდებობების გაცემით...“

 

ანუ, აფხაზეთში ძალიან ეშინიათ სომხური დანაშაულის. მათ ასევე ეშინიათ რუსეთისა, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებულ და სომხურ ლობზეა დამოკიდებული. ყველაფრის ეშინიათ. საკითხავია, რა სახის „დამოუკიდებლობაა“ ეს, როცა ყველა ჩამოსულ კრიმინალს შეუძლია თავისი „კანონების“ კარნახი.

 

 რუბენ ტატულიანს, მის თანამზრახველებს და პრინციპში, სომხურ ლობს ყველა ბერკეტი აქვთ აფხაზეთში უკმაყოფილო დომინირებით პირი დაკეტონ. მით უმეტეს, ახლა სომხური ლობის რიგებიდან აფხაზეთის „ბატონ-პატრონებს“  აქვთ ისეთი მშვენიერი ინსტრუმენტი, როგორიცაა მობილიზაცია უკრაინაში ომისთვის. თუ უკმაყოფილო აფხაზები (თითქმის ყველას, ვისაც რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ) აღშფოთდებიან იმის გამო თუ როგორ სახლდებიან აფხაზეთში სომხები და ღებულობენ სეპარატისტულ მოქალაქეობას, მათ უმალ გაიწვევენ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში და გაგზავნიან ფრონტზე. როგორც ახლა აგზავნიან სამხრეთ ოსებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ. სეპარატისტული ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ საზღვარზე უკვე ტყვედ აიყვანეს მისი მცხოვრებნი, რომლებიც საზღვრიდან პირდაპირ უკრაინის სასაკლაოზე გადაჰყავთ. იგივე მოხდება, სავარაუდოდ უახლოეს მომავალში  სეპარატისტულ აფხაზეთში.

 

ცხადია, აფხაზებმა საბოლოოდ დაკარგეს მშობლიურ მიწაზე ხმის მიცემის უფლებაც კი. უდავოა, რომ მას შემდეგ, რაც რუბენ ტატულიანმა სეპარატისტული მოქალაქეობის განაწილებით უკმაყოფილოებს "ადგილი მიუჩინა", აფხაზეთის მოქალაქეების პასპორტები დაჩქარებული წესით დაურიგდება სომეხი მიგრანტების ახალ ნაკადებს. უფრო მეტიც, აფხაზ სეპარატისტებს, რომელთა ხელმძღვანელობა მთლიანად სომხურ ლობზეა დამოკიდებული, არ აქვთ ბერკეტი შეაჩერონ სომეხი მიგრანტების ნაკადი აფხაზეთში.

 

ისე, ადგურუ არძინბას ნამდვილად აქვს ყველა მიზეზი, რომ სერიოზულად ღელავდეს მისი და მისი ნათესავებისა და მეგობრების სიცოცხლის გამო. რუბენ ტატულიანი ცნობილია იმით, რომ უმოწყალოა მათ მიმართ, ვინც მის გზაზე დგას. ხოლო მას, ვინც ედავება მის უფლებას, თავი იგრძნოს სეპარატისტული აფხაზეთის „ბატონად“, მას შეუძლია სამაგალითოდ გაუსწორდეს.

 

 

 

ალექსანდრე ზახარიაძე

წაკითხულია : 856


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები