ანალიტიკა

აზერბაიჯანი და საქართველო - თანამშრომლობა, ტრანზიტი და „ერთობლივი გამოსავალი“  ჩრდილიდან იმპერიისა, რომელმაც თვისი დრო უკვე მოჭამა

25.10.22 10:20


2022 წლის 24 ოქტომბერს გაიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის დრო მეტად საგულისხმოა. რეგიონში და ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეში სახეზეა ტექტონიკური ცვლილებები. რუსეთი, რომელმაც იმდენი გააკეთა სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის, სეპარატიზმის მხარდაჭერისა და საზღვრების ტოტალური შეცვლის პოლიტიკაში, თავად გაება, ხატოვნად რომ ვთქვათ, „უკრაინულ ხაფანგში“.

 

დღეს რუსეთის ფედერაცია აშკარად მარცხს განიცდის თვისსავე  ავანტიურაში უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით. შედეგად, ერთის მხრივ აზერბაიჯანი და საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში ჩავარდნილი რუსეთის ფედერაციის „სასიცოცხლო ბილიკებად“ იქცევიან, რაც თურქეთსა და ზოგადად გარესამყაროსთნ წვდომას უზრუნველყოფს, მეორეს მხრივ კი კრემლს აღარ ძალუძს შეაფერხოს აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ტრანზიტის განვითარება მისი გვერდის ავლით.

 

დღესდღეობით, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანმა 44-დღიანი ომის განმავლობაში ყარაბაღის სეპარატისტული ნაღმის „ნეიტრალიზაციის“ საკითხი გადაჭრა, მაგრამ ჯერჯერობით ადგილი აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სისხლიან ჭრილობებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა მეტ  აქტუალობას იძენს. მათ შორის, მახინჯი იმპერიული პოლიტიკის შედეგების დაძლევაში და ახალი მშვიდობიანი სამხრეთ კავკასიის მშენებლობაში, რომელიც მოწოდებული დამაკავშირებელ ხიდად იქცეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ხალხებს შორის.

 

პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ თანამშრომლობენ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და მუშაობენ როგორც ერთიანი ძალა არსებული გამოწვევების დასაძლევად: „მე კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ საქართველო, მე და ჩვენი მთავრობა აცხადებს სრულ მზადყოფნას სამშვიდობო პოლიტიკის გასაგრძელებლად და მხარდასაჭერად, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ზემოაღნიშნული მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა არ ეწინააღმდეგება და არ ენაცვლება თანამშრომლობის სხვა ფორმატს, პირიქით, იგი ხელს შეუწყობს მათ და მჯერა, რომ ერთად ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, როგორც ტვირთბრუნვის ასევე საინვესტიციო, სატრანზიტო მიმოსვლის, ასევე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობის მოცულობის მკვეთრი ზრდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანმა საქართველოში 3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

 

„რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებას და ფორმატს, მოხარულები ვართ, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება და ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ჩვენ გავცდით მილიარდი დოლარის ზღვარს. აზერბაიჯანმა საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა და ეს ინვესტიციები ხელს უწყობს თანამშრომლობის განვითრებას. აზერბაიჯანმა საქართველოში სამი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და ჩვენ გვჯერა, რომ ეს იქნება ორმხრივად მომგებიანი ინვესტიციები“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

 

ილჰამ ალიევმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს გავლით ენერგეტიკული ტრანზიტის ზრდის პერსპექტივაზე: „ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და ვგეგმავთ 2027 წლისთვის ევროპაში თითქმის 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტს. ბუნებრივია, ეს საკითხი განვიხილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. გვექნება ახალი თემები განსახილველად. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი ექსპორტს გაზრდის. ჩვენ ასევე გვსურს ვისარგებლოთ ბაქო-სუფსის ტერმინალით, ვიცი, რომ ის ახლა არ მუშაობს, მაგრამ გვინდა ეს არხიც დატვირთოთ“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა გაიზარდა 75%-ით და ხაზი გაუსვა ახალი ბაქო-თბილისი-ყარსის ავტომაგისტრალის როლს: „უნდა ვთქვა, რომ სარკინიგზო ტრანსპორტი - ბაქო-თბილისი-ყარსი შეიძლება გამოყენებულ  იქნას ხუთი მილიონი ტონის ჩასატვირთად, მომავალ წელს ამ მიმართულებით უფრო მეტ კაპიტალდაბანდებას განვახორციელებთ. ამ დერეფნისთვის მეტი ფინანსური რესურსი გამოიყოფა. ჩვენ ვაპირებთ ამ მარშრუტის გამოყენებას კასპიის ზღვით, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში ტვირთების გადასაზიდად და ასევე ახალი მარშრუტების განსავითარებლად“.

 

ილჰამ ალიევი თვლის, რომ ყველა ქვეყნის ინტერესებში შედის ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტის განვითარება, ასევე საქართველოს პორტების გამოყენება ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ გადაზიდვისთვის და პირიქით: „სატრანსპორტო სიმძლავრის გასაზრდელად ჩვენ უნდა განვავითაროთ ურთიერთობები მეზობლებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ შევძლებთ გავხდეთ საიმედო სატრანზიტო ქვეყანა. საქართველოს სახით ჩვენ გვყავს მეგობარი, მეზობელი და პარტნიორი ქვეყანა. ზოგადად, იმის გათვალისწინებით, რომ ენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, საქართველო და აზერბაიჯანი ერთ ფრონტზე არიან წარმოდგენილნი და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები, მოძმე ხალხის ინტერესები აგებული იქნას ასეთ ურთიერთობებზე. შექმნას ისეთი მნიშვნელოვანი ურთიერთობები, რომელიც სარგებელს მოუტანს მსოფლიოს. ეს ეფუძნება ჩვენს მეგობრობას ჩვენი ხალხების, ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ქვეყნების ლიდერების მხარდაჭერით. ვხედავ ამ შესაძლებლობას და მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ შესანიშნავ ადგილზე  მოწვევისთვის. მინდა ჩვენს მეგობარ და მოძმე ხალხს ვუსურვო მარადიული კეთილდღეობა“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

ამდენად, საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, უფრო მჭიდრო და პროდუქტიული ხდება და მზარდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მქონეა.

 

 

ალექსანდრე ზაქარიაძე

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები