პოლიტიკა

სოზარ სუბარი - რეკომენდაციების შესრულებისთვის მცირე ვადა და სტატუსზე უარი ნიშნავდა წნეხის სურვილს, ქვეყანა დაჰყოლოდა მოთხოვნებს, რაც რუსეთთან ომის დაწყებას ან სანქციებთან შეერთებას გულისხმობდა

24.11.22 17:20


მოძრაობა „ხალხის“ ძალის წარმომადგენელის სოზარ სუბარის განცხადებით, ოპოზიციას რეკომენდაციების შესრულება თუ სურდა, სამუშაო ჯგუფების მუშაობაში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა პირიქით იმოქმედეს და ყველაფერს აკეთებდნენ, რათა რეკომენდაციები ჩავარდნილიყო.

 

„გავიმეორებ იმასაც, რასაც ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი ამბობს – საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება იყო უსამართლო, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც არავითარი კავშირი არ ჰქონდა იმასთან, როგორ მუშაობს „ქართული ოცნება“, რამდენად შეასრულებს რეკომენდაციებს და ა.შ. ოპოზიციას რეკომენდაციების შესრულება თუ უნდოდა, უნდა ემუშავათ სამუშაო ჯგუფებში. პირიქით, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ რეკომენდაციები ჩავარდნილიყო. რეკომენდაციები შესრულების ეტაპზეა, ორის გარდა – დეპოლარიზაცია კიდევ უფრო ვერ მოხერხდება, თუ „ნაცმოძრაობის“ სათავეში ხაბეიშვილი და მისნაირები იქნებიან. იმედია, სახალხო დამცველზე შეთანხმება მოხდება და ისეთი იქნება, რომელიც შეძლებს, ყველაფერზე მაღლა დააყენოს ადამიანის უფლებები და არა პოლიტიკური შეხედულებები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

ამასთან, სოზარ სუბარის განმარტებით, კარგია, რომ რეკომენდაციების შესრულების შეფასება გადაიდო, რადგან მცირე ვადა და კანდიდატის სტატუსზე უარი ნიშნავდა ერთგვარად სურვილს, საქართველოზე წნეხი განხორციელებულიყო.

 

„რაც შეეხება იმას, რომ გადაიდო, ეს კარგია, რადგან რამდენიმე თვის წინ ვთქვით, მცირე ვადა რომ მოგვცეს და კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, ეს იყო ერთგვარად სურვილი, საქართველოზე წნეხი განხორციელებულიყო, რომ ქვეყანა დაჰყოლოდა იმ მოთხოვნებს, რაც რუსეთთან ომის დაწყებას ან სულ მცირე, სანქციებთან შეერთებას გულისხმობდა. ნახეს, რომ მათი სურვილები არ შესრულდა, კარგია, რომ ვადა გადაწიეს. დარწმუნებული ვარ, მოთხოვნები წლის ბოლომდე შესრულდება. რაც შეეხება წნეხს, დღეს, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მოვისმინე არაერთი განცხადება, რომ ევროპალამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი გამოაცხადეს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ და საქართველოს პარლამენტი როდის შეუერთდება ამას. ორი დღის წინ, ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ. რა პასუხი აქვთ დასავლელ პარტნიორებს? საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ბეთ ვან შააკი ამბობს, რომ ამერიკა არ აპირებს, გამოაცხადოს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, ამის გაკეთება შეუძლებელია აშშ-ის კანონმდებლობით. სხვათა შორის, არც ერთი დიდი ევროპული სახელმწიფო არ ჩქარობს, რომ რუსეთთან დაკავშირებით მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი გაცილებით მეტად არიან დაცული ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგით, ვიდრე საქართველო. არათუ არ ჩქარობენ ამის გაკეთებას, არამედ ვაჭრობენ რუსეთთან სტრატეგიული ნედლეულით, როგირიცაა გაზი, ურანი, ნავთობი“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები