პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელმა სან მარინოს რესპუბლიკის განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

07.12.22 18:00


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის სამუშაო ვიზიტი სან მარინოს რესპუბლიკაში გრძელდება. მინისტრმა მორიგი შეხვედრა გამართა სან მარინოს რესპუბლიკის განათლების, კულტურის, ახალგაზრდული პოლიტიკის, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო კვლევების მინისტრ ანდრეა ბელუცისთან და სან მარინოს რესპუბლიკის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კეთილდღეობისა და სოციალური დაცვის, პოლიტიკური საკითხების, თანაბარი შესაძლებლობებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მინისტრ რობერტო ჩიავატასთან.

 

მხარეებმა ქვეყნებს შორის განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა სან მარინოს რესპუბლიკას და მის კოლეგებს – ანდრეა ბელუცისა და რობერტო ჩიავატას საქართველოს მხარდაჭერისთვის საერთაშორისო ასპარეზზე.

 

შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა სან მარინოელ კოლეგებს საქართველოს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მისი განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.

 

მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი თქმით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის.

 

როგორც მინისტრმა განაცხადა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც ოპერირება 2020 წელს დაიწყო, სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი განვითარება სწორი სტრატეგიით მიმდინარეობს – 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეიტინგში პირველია.

 

სან მარინოელ კოლეგებთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. მინისტრის თქმით, დაინტერესების შემთხვევაში, კვლევით პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა სან მარინოს რესპუბლიკის სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებსაც ექნებათ. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში.

 

მიხეილ ჩხენკელის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც წარმოადგენს რეგიონის აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით ჰაბს, შესანიშნავი სივრცეა საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკას შორის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

 

თავის მხრივ, სან მარინოს რესპუბლიკის განათლების, კულტურის, ახალგაზრდული პოლიტიკის, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო კვლევების მინისტრმა ანდრეა ბელუციმ და სან მარინოს რესპუბლიკის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კეთილდღეობისა და სოციალური დაცვის, პოლიტიკური საკითხების, თანაბარი შესაძლებლობებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მინისტრმა რობერტო ჩიავატამ მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე მეგა-პროექტს და თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს როგორც უნივერსიტეტთან, ასევე ადრონული თერაპიის ცენტრთან. მათი თქმით, სან მარინოს რესპუბლიკის სამეცნიერო საზოგადოება ქართველ მეცნიერებთან ერთად მომავალში აქტიურად ჩაერთვება ონკოლოგიური დაავადებების კვლევის პროცესში.

 

ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

 

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები