პოლიტიკა

პრეზიდენტი - ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

31.01.23 10:00


ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონში არსებული ვითარება განიხილა.

 

პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს.

 

ავსტრიის კანცლერმა კი, ხაზგასმით დაადასტურა ავსტრიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის პროცესისადმი.

 

„შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველომ ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება უნდა გააგრძელოს. ამავე დროს, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და რუსეთის ფედერაციას აჩვენოს, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირის მხარდაჭერა.

 

საუბარი შეეხო ოკუპაციას, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება და აღინიშნა, რომ ქვეყანა არ გადაუხვევს მის მიერ დეკლარირებულ პოლიტიკას, რაც ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენას გულისხმობს. ამასთან, საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს და აღნიშნა, რომ ის ევროპის უსაფრთხოებისათვის უდიდესი გამოწვევაა.

 

ასევე, ხაზი გაესვა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობასაც.

 

შეხვედრის დასასრულს ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მზაობა ავსტრიის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის თაობაზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები