პოლიტიკა

ცესკომ საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმა დაამტკიცა

07.02.23 17:00


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმა დაამტკიცა. შესაბამისი გადაწყვეტილება ცესკომ 6 თებერვალს გამართულ სხდომაზე მიიღო, - ამის შეასხებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, სტრატეგიული გეგმა უპრეცედენტოდ მაღალი ჩართულობით, ინკლუზიურად და განსხვავებული მიდგომებით შემუშავდა. პირველ ეტაპზე სტრატეგიული დაგეგმარების ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც ცესკოს სტრუქტურული ერთეულებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები შედიოდნენ, საჭიროებების იდენტიფიცირებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით ცესკოს ყველა სტრუქტურულ ერთეულთან გამართა შეხვედრა.

 

შემუშავებული დოკუმენტის პროექტი თანამშრომელთა მაღალი ჩართულობით, ფართომასშტაბიანი სამუშაო შეხვედრის ფორმატში იქნა განხილული. დოკუმენტის დამტკიცებამდე კი, სტრატეგიული გეგმის პროექტის განხილვის მიზნით, გაიმართა არაერთი შეხვედრა საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან.

 

სტრატეგიული გეგმა შემდეგ პრიორიტეტებს მოიცავს: საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება; ინსტიტუციური გაძლიერება; ტექნოლოგიური განვითარება.

 

როგორც ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ განაცხადა, აღნიშნული სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელება უზრუნველყოფს საარჩევნო რეფორმის ეფექტიან აღსრულებას და პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ამჟამად ინსტიტუცია დგას. შესაბამისად, ახალი სტრატეგიული გეგმა ეხმიანება საარჩევნო რეფორმას და საარჩევნო პროცესის ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს.

 

6 თებერვალს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2023 – 2026 წლების სტრატეგიულ გეგმასთან ერთად 2023 - 2024 წლის სამოქმედო გეგმაც დაამტკიცა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები