პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტი ყაჩაღობს, საბოლოო მიზანი არის მეორე ფრონტი, აქედან გამომდინარე, გრძელდება საუკუნის ძარცვის საქმე

08.02.23 16:30


შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტი ყაჩაღობს, საბოლოო მიზანი არის მეორე ფრონტი, აქედან გამომდინარე, გრძელდება საუკუნის ძარცვის საქმე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ბანკთან, „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებით განაცხადა.

 

კობახიძემ კომენტარი გააკეთა იურიდიული ფირმის, „ემ ქეი დის“ მიერ ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუისთან“ დავის შესახებ დღეს გავრცელებულ პრესრელიზთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია: „საზოგადოების სამსჯავროზე როდესაც გამოგვქონდა გაუგონარი დარღვევები „კრედიტ სუისის“ მხრიდან, მედიას დისკომფორტი არ ჰქონდა, როცა საქმე შეეხო ბანკის მენეჯმენტს, ფაქტობრივად, საკითხი ცენზურას დაექვემდებარა“.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ინტერესი არის ერთადერთი, მედია ხელს უწყობს მენეჯმენტს ორ რამეში, ბანკის დანგრევასა და ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებაში.

 

„ივანიშვილისგან ითხოვენ პოლიტიკაში დაბრუნებას, რათა გავლენა მოახდინოს ხელისუფლებაზე და საბოლოო მიზანი არის მეორე ფრონტი. ამისთვის სთხოვენ პოლიტიკაში დაბრუნებას, რასაც ბიძინა ივანიშვილი არ აკეთებს. აქედან გამომდინარე, გრძელდება საუკუნის ძარცვის საქმე. წარმოიდგინეთ, ორი მილიარდის აქტივები ყაჩაღურად არის დაკავებული. 2008 წელს დაიწყეს მისი ანგარიშის ძარცვა, ომთან საერთოდ არ აქვს ამას კავშირი. 2008 წელს დაიწყეს ანგარიშის ძარცვა ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლებმა. წარმოუდგენელი ყაჩაღობაა, თავიდან მოპარულია ასეულობით მილიონი დოლარი და დღეს 2 მილიარდის აქტივები აქვთ გაჩერებული ამ ანგარიშზე. ეს არის წარმოუდგენელი ყაჩაღობა. ეს არის ის თანხები, მათ შორის რაც უნდა მოხმარებოდა ქველმოქმედებას საქართველოში. ყაჩაღობს შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტი. როდესაც სტატიები იბეჭდება ბანკთან დაკავშირებით, კი ბატონო, მწვანე შუქი აქვს ანთებული ბანკის რეპუტაციას და როდესაც საქმე ეხება უკვე მენეჯმენტს, აქ არ ბეჭდავენ. ინტერესი არის ერთადერთი, მენეჯმენტს ხელს უწყობენ ორ რამეში, ბანკის დანგრევაში, და მეორე – ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებაში.

 

რეალურად შემაშფოთებელია, რაც მოვისმინეთ ადვოკატების მხრიდან, როდესაც ამ მასშტაბის ცენზურა ხორციელდება მთელი ევროპის მასშტაბით. ეს არის ნამდვილად დამაფიქრებელი. ვინმეს თუ აქვს ამხელა რესურსი და ბოროტად იყენებს ამ გავლენის რესურსს, ეს ნამდვილად წარმოუდგენელია, ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა. იმის არავითარი მიზეზი არ მაქვს, რომ ეჭვქვეშ დავაყენო ის, რასაც ამბობენ ადვოკატები. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, ამ საქმით ევროსაბჭო და საერთაშორისო სტრუქტურები დაინტერესდნენ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე, როგორია ამ ცენზურის, კოორდინაციის მასშტაბი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება მედიის თავისუფლებას ევროკავშირში, ევროკავშირისა და ევროპის მასშტაბით. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი აუცილებლად უნდა იყოს შესწავლის საგანი შესაბამისი საერთაშორისო სტრუქტურების მხრიდან, რომელთა ფუნქციაც არის ადამიანის უფლებების დაცვა ევროპის მასშტაბით“, – აღნიშნა კობახიძემ.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები