პოლიტიკა

პარლამენტმა 2022-2030 წლებისთვის საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას მხარი დაუჭირა

23.03.23 13:00


პარლამენტმა 78 ხმით - ერთხმად 2022-2030 წლებისთვის საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას დაუჭირა მხარი.

 

დოკუმენტი 21 მარტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა წარადგინა.

 

აღნიშნული დოკუმენტი არის ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია და 2022-2030 წლებს მოიცავს. ის გამომდინარეობს პირველი ეროვნული სტრატეგიიდან (2014-2020 წწ.) და მიზანი საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სისტემური გარანტიების შემდგომი განმტკიცებაა.

 

ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს: ა) მართლმსაჯულების, სამართლის უზენაესობის პრინციპების, ინსტიტუციური დემოკრატიის გამყარება და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა;

 

ბ) ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვის გაძლიერება და ამისთვის სისტემური გარანტიების გაუმჯობესება;

 

გ) თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების ასახვა სახელმწიფო პოლიტიკაში, მათი დანერგვა პრაქტიკაში და ადამიანის უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობა დისკრიმინაციის გარეშე;

 

დ) რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.

 

ნიკო თათულაშვილის ინფორმაციით, ამჟამად დაწყებულია მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე, რომლის შესრულებაზე პასუხისმგებელ უწყებებს დაევალებათ ყოველწლიური ანგარიშების წარდგენა მიღწეული პროგრესის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციისთვის, შედეგად მომზადდება შესრულების ერთიანი შემაჯამებელი ანგარიში, რომელსაც მთავრობა ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს გავლით პარლამენტს წარუდგენს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები