მსოფლიო

სომხეთი და თურქეთი – კრიზისული დიპლომატიის გაკვეთილები

24.03.23 17:40


რამდენიმე კვირის წინ თურქეთსა და სირიაში მომხდარმა მიწისძვრამ, რომლის შედეგად ათეულობით ათასი ადამიანი დაიღუპა და მილიონზე მეტი დაშავდა, თურქეთსა და სომხეთს შორის სიმბოლურ დიპლომატიას დაუდო საფუძველი. ყველაზე დიდი მტრებისთვისაც კი საერთაშორისო კატასტროფები ხშირად ხდება დაახლოებისა და ტაბუს მოხსნის საფუძველი. მსგავს მოვლენებს შეუძლიათ ასევე შეამცირონ წინასწარგანწყობები, რომელიც თურქეთის ბევრ რეგიონში არსებობს სომხების ან თუნდაც, ბერძნების მიმართ. 

 

სირიასა და თურქეთში ტრაგიკული მოვლენების დროს სომხურმა დიპლომატიამ, ასე ვთქვათ, საკუთარი მასტერ-ლასი აჩვენა და ის დიპლომატიური დოქტრინა გაიზიარა, რომელსაც საბერძნეთი, ასევე, მრავალი წლის განმავლობაში იყენებს: ყველა უთანხმოების მიუხედავად, დიპლომატიურ კარს ღიად ტოვებს. 

 

აქ საქმე მხოლო ის არაა, რომ მსგავსი დიპლომატიური ჟესტები კონფლიქტებს ამოწურავს ან თურქეთი აზერბაიჯანის მხარდაჭერას შეწყვეტს –  სწორედ ასეთი დიპლომატია, რომელსაც სომხეთის ყველა ხელისუფალი და მთავრობა იყენებდა ხოლმე, მოლაპარაკებებისთვის კარგ საფუძველს იძლევა. 

 

თურქეთის მიმართ პოლიტიკური დამოკიდებულების, თურქეთის მმართველი პარტიების აგრესიული რიტორიკისა და სომეხთა გენოციდის არაღიარების მიუხედავად, თურქეთი სომხეთის გავლენიან მეზობლად რჩება და სომხეთისთვის საჭიროა, ჰქონდეს მასთან დიპლომატიური ურთიერთობები. ეს ხისტი რეალპოლიტიკაა, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მხოლოდ პოლიტიკურ რეალიებზე აფუძნებს.

 

სიახლოვის დიპლომატია 

მსგავს პოლიტიკას ატარებდნენ, ასევე, პრეზიდენტ ლევონ ტერ პეტროსიანი 1990 -იან წლებში, მოგვიანებით კი, სერჟ სარგსიანი. სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და პრემიერ-მინინსტრის ვაზგენ სარქსიანისა და დიპლომატ ვაჰან პაპაზიანის განმარტებით, 1990-იანი წლების პოლიტიკა გადამწყვეტი მიზეზი გახდა რამდენიმე საკითხისთვის: 1. სომხეთმა შეძლო ევროპული დახმარების მიღება თურქეთის სახმელეთო გზის გავლით; 2. შესაძლებლობის ფარგლებში თურქეთი მუდამ რჩებოდა კონფლიქტს მიღმა და 3. თურქ პოლიტიკოსებსაც კი ესმოდა, რომ მთიანი-ყარაბაღის სომხებს გარკვეული ფორმით უსაფრთხოება სჭირდებოდათ.

 

ამ პოლიტიკას 2008 წელს სერჟ სარგსიანმაც მიმართა: მეტ-ნაკლებად ცნობილი მაგალითია “საფეხბურთო დიპლომატია” და თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მცდელობები. თუმცა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ხელი შეუშალა თურქეთის წინაპირობებმა და მოსკოვიდან პოლიტიკურმა ზეწოლამ. 

 

არც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის და არც სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების [ნებისმიერი ფორმით] დარეგულირება არ შედის რუსეთის ინტერესებში, რადგან კონფლიქტების დარეგულირება არის რეგიონში მისი გავლენების შემცირების ტოლფასი. 

 

მსგავსი პოლიტიკის სხვა მაგალითს წარმოდგენს ბერძნულ-თურქული ურთიერთობები. აქ სამი ძირითადი საკითხი დგას: კვიპროსის კონფლიქტი, ცალკეულ ბერძნულ კუნძულები, რომელზეც აქვს პრეტენზია თურქეთს, და ახალი ბუნებრივი აირის საბადოების კონტექსტში საზღვაო საზღვრები. ყველა ეს საკითხი უკანასკნელ წლებში გამწვავდა და არაერთხელ მისულა რეალურ კონფლიქტამდე.

 

იმის მიუხედავად, რომ საბერძნეთს საიმედო საყრდენად NATO-ს  ბევრი წევრი ქვეყანა ეგულება და ამასთან, საბერძნეთის შეიარაღებულ ძალები კონკურენტუნარიანი არიან თურქულ ძალებთან [რიგ შემხვევებში მოწინავეც კი], საბერძნეთი მუდმივად ატარებს რიტორიკული და სიმბოლური დაახლოების პოლიტიკას.  თურქეთის და საბერძნეთის მაღალჩინოსანთა ორმხრივი ვიზიტები ორივე ქვეყანაში ჩვეულებრივი პრაქტიკაა და დიპლომატიურ ურთიერთობებს ორივე ქვეყანა მხარს უჭერს. 

 

საბერძნეთს [ისევე როგორც თურქეთს], მიუხედავად მძლავრი შეიარაღებული ძალებისა, ომი არ სურს. შესაბამისად, ერთი მხრივ, ის ახერხებს, კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი შეიარაღებული ძალები და შექმნას თურქეთის წინააღმდეგ ალიანსები [საბერძნეთი, კვიპროსი, ეგვიპტე და ისრაელი, ან მაგალითად, აშშ და საფრანგეთი], მეორე მხრივ კი, დიპლომატიურ დეესკალაციაზე მუშაობს.

 

ანალოგიურ პოლიტიკას ვადევნებთ თვალს, ერთი მხრივ, სერბეთსა და კოსოვოს, ასევე, სერბეთსა და ბოსნიას, ასევე, ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის. ყველა ეს მაგალითი აჩვენებს, რომ დიპლომატიური, სიმბოლური ჟესტები ყველაზე შეურიგებელი კონფლიქტების დროსაც კი მნიშვნელოვანი და სწორია. 

 

დიპლომატიური კარის ღიად დატოვება, ხელს უწყობს როგორც ადამიანებს შორის დაახლოებას, ასვეე, სიგნალია გარე სამყაროსთვის: სომხეთის დაუყოვნებლივ დახმარებას თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის კონტექსტში მნიშვნელოვანი თანმდევი პოლიტიკური ეფექტები ჰქონდა: ამ ნაბიჯმა დაანახა მსოფლიოს, რომ სომხეთი დაინტერესებულია რეგიონში მშვიდობით და ასევე, აიძულა თურქეთის დიპლომატია, ნაწილობრივ მაინც შეეკავებინა თავი აგრესიული რიტორიკისგან.

 

თურქეთისთვის დახმარება და სომეხი მაშველების თემა თურქეთში, გასაგები მიზეზებით, შეიძლება იწვევდეს კიდეც არაერთგვაროვან ემოციებს სომხეთის მოსახლეობაში, თუმცა ამ თემით ცალსახა გაღიზიანება ნათლად გამოჩნდა აზერბაიჯანულ მედიაში, რომელიც მთელი ის პერიოდი ავრცელებდა სომეხი მაშველების მადისკრედიტირებელ ისტორიებს.

 

სომხური დიპლომატია ქმნის პრეცედენტებს: ფრთხილი, სიმბოლური დაახლოება

სომხეთის დიპლომატიურმა მოქმდებებმა მაშინ შექმნა პრეცედენტი, როდესაც თურქეთში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანის მიზნით სომხეთს და თურქეთს შორის საზღვარი გაიხსნა. რეალურად თურქეთმა აზერბაიჯანის ნების წინააღმდეგ გადადგა ნაბიჯი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე და დროებით გახსნა საზღვარი. 

 

არც თავის მოტყუებად ღირს ეს ფაქტი – ჩვენ ისევ შორს ვართ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციისგან, მიუხედავად იმისა, რომ კრიზისული დიპლომატიის დროს “უკანა კარი” გაიხსნა.

 

ამასთან, სომხეთისთვის გასათვალისწინებელია, რომ თურქეთისკენ ნაჩქარევი ეკონომიკური და პოლიტიკური კარის გახსნა უგუნურება იქნებოდა დამცავი მექანიზმების გარეშე. პროტექციონისტური ნაბიჯების გარეშე სომხური ეკონომიკა არ იქნება კონკურენტუნარიანი, თურქული საქონელი სომხეთის ბაზარს დაიკავებს. აღნიშნულ ვითარებაში კი ისეთი ქვეყანა, როგორიცაა სომხეთი, ამის უფლებას ვერ მისცემს საკუთარ თავს. ამავე დროს, ვერც იმის უფლებას მისცემს თავს, უარი თქვას დიპლომატიურ ურთიერთობებზე თურქეთთან. ეს ურთიერთობები სომხეთისთვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თურქეთი ნაწილობრივ მაინც არ ჩაერიოს აზერბაიჯანთან მის კონფლიქტში. ანალოგიური პოლიტიკა საბერძნეთის მხრიდან მიმართულია იმაზე, რომ თურქეთი, წინასაარჩევნო კამპანიის ნაციონალისტიური ტენდენციების მიუხედავად, ვერ რისკავს ომის დაწყებას. 

 

ცხადია, სომხეთმა უნდა უნდა გადაჭრას თურქეთთან ურთიერთობები ისე, რომ არ დააზარალოს საკუთარი ინტერესები და, ამავე დროს, ნაწილობრივ მაინც დაალაგოს ურთიერთობები მასთან. გარკვეულ დროს ერდოღანი ხელისუფლებიდან წავა და სომხეთის საზოგადოებასაც იმ პარადიგმის შეცვლა მოუწევს, რომელიც, მართალია, დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაადგინა ხელისუფლებამ.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები