სომხეთში ლორეს სადაო ქართული მონასტრების საკითხი კვლავ ღიად რჩება

12.04.23 17:00


2023 წელს სომხური სამოციქულო ეკლესია (AAC) აღდგომას 9 აპრილს აღნიშნავს, ხოლო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ერთი კვირის შემდეგ, 16 აპრილს. ამავდროულად, „სომხური“ აღდგომა ასევე აღინიშნა ჩრდილოეთ სომხეთის იმ ეკლესიებში, რომლებიც თავდაპირველად ქართული იყო და დღეს ასკ-ს ეკუთვნის (ახტალისა და თეჟარუიკის ეკლესიების ჩათვლით. რეგიონის სხვა ქართული ეკლესია-მონასტრები, მათ შორის კობიირი, ხუჯაბი, ხნევანკი, კირანცი, სვრეგი და კიდევ რამდენიმე სხვა ნანგრევებად არის ქცეული და წელს, სამწუხაროდ სააღდგომო წირვა არ ჩატარდება.

 

ეს ვითარება კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ სომხეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთით მდებარე ქართული სიწმინდეების საკითხი, რომელიც დიდი ხანია წამოწეულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ, ჯერ არ არის გადაწყვეტილი და მის გადაწყვეტას სომხური მხარე შეგნებულად აფერხებს. ქართველების მიერ აშენებული ეს ტაძრები დღესაც აბსოლუტურად დაუსაბუთებლად მიეწერება ზოგიერთ „ქალკედონელ სომეხს“. ქართველ ისტორიულ პირებსაც, რომლებმაც ეს ტაძრები ააშენეს და მათში დაკრძალეს, „სომეხებად“ ითვლებიან.

 

სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ახტალისა და ქობაირის მონასტრები ჩამორეცხილი ფრესკებით, დაზიანებული და დანგრეული კედლებით არის უძველესი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები ლორეს ისტორიულ ტერიტორიაზე, რომელთა საკუთრების საკითხი დღესაც საკამათოა საქართველოსა და სომხეთს შორის.

 

2011 წლის 10-15 ივნისს გარეგინ II-ის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სცადა შეთანხმება ლორეს ძეგლებთან დაკავშირებით და შესთავაზა სომხურ მხარეს ხელი მოეწერათ კომუნიკეზე, რომლის ტექსტშიც აღინიშნა, რომ „საქართველოსა და სომხეთის საეკლესიო ურთიერთობა გადადის ახალ ეტაპზე, რომელიც განსაზღვრავს სომხური სამოციქულო ეკლესიის თანაბარ სამართლებრივ სტატუსს საქართველოში და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის სტატუსს სომხეთში და და ასევე ხელს შეუწყობს საქართველოში სომხური (გრიგორიანული) ეკლესიის, სომხეთში ქართული (დიოფიზიტური) ეკლესიის პარიტეტულ საფუძველზე გახსნას. ამ საკითხების გადასაჭრელად აუცილებელია ორმხრივი საეკლესიო კომისიის შექმნა“.

 

სომხური მხარე თავდაპირველად დათანხმდა კომუნიკეზე ხელმოწერას, მაგრამ შემდეგ უარი თქვა და ამ ტერიტორიაზე მდებარე სადავო მონასტრების საკითხი, რომელიც გასული საუკუნის ქართულ-სომხური ომის მიზეზი გახდა, კვლავ გახსნილი რჩება.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის „მრავალეროვანი საქართველო“ ინიციატივით მოეწყო ქართული დელეგაციის ვიზიტი ლორეში საპატრიარქოს წარმომადგენლების, მედიის, ისტორიკოსებისა და ექსპერტების მონაწილეობით.

 

„მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარემ არნოლდ სტეპანიანმა აღნიშნა, რომ „ექსპედიციის მიზანი იყო საქართველოსა და სომხურ ეკლესიებს შორის ურთიერთობისთვის დამახასიათებელი დროებითი სირთულეების დაძლევა“.

 

„აუცილებელია ობიექტურად დავანახოთ ქართველ საზოგადოებას სომხეთის მართლმადიდებლური ეკლესიების მდგომარეობა და პირიქით, სომეხი საზოგადოების ინფორმირება საქართველოში სომხური მონასტრების შესახებ. ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის არსებული პრობლემა იწვევს სხვადასხვა ეთნიკურ გართულებებს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის განვითარებას“, - განაცხადა ა. სტეპანიანმა.

 

ჩრდილოეთ სომხეთში ჩასვლისას, უპირველეს ყოვლისა ვეწვიეთ ახტალის ძველ, შედარებით კარგად შემონახულ სამონასტრო კომპლექსს თავისი დახურული ტაძრით და კოშკით. გიორგი გაგოშიძე ახტალის სამონასტრო კომპლექსს XIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ტიპურ ძეგლად მიიჩნევს, რომელსაც არქიტექტურული თვალსაზრისით ბევრი საერთო აქვს ქვათახევის მონასტერთან.

 

„ქვათახევის მონასტერი აშენდა XIII საუკუნის დასაწყისში თამარ მეფისა და საქართველოს სამეფო კარის მაღალჩინოსნის, ივანე მხარგრძელის მხარდაჭერით. XIV საუკუნიდან ახტალა მიტროპოლიტის კათედრად იქცა, ხოლო XVII საუკუნის ბოლოს ომარხანის შემოსევის შემდეგ მეფე ერეკლე II-მ ვერცხლითა და სპილენძით მდიდარ ამ მიწაზე ბერძნები დაასახლა სამთო წარმოების აღდგენის მიზნით. არქიტექტურული თვალსაზრისით ეს მონასტერი თავისი ფრესკებით (წმ. ნინო, წმ. იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი და ევაგრი, წმ. ევტვიმი და გიორგი მთაწმინდელები, წმ. ილარიონ გრუზინსკი), თავისი ქართული ქტიტორული წარწერებითა და ქართველი თავადების სამარხებით, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია“, - აცხადებს გ. გაგოშიძე.

 

ახტალის სამონასტრო კომპლექსი შედარებით კარგად არის შემონახული, მიუხედავად იმისა, რომ კედლის ფრესკების უმეტესობა ჩამორეცხილია. განსაკუთრებით დაზიანებულია საკურთხევლის თავზე მდებარე ღვთისმშობლის ფრესკა.

 

ახტალაში მოღვაწე გრიგორიანელმა მღვდელმსახურმა ვაზგენ კირაკოსიანმა მონასტრის საქართველოსთვის გადმოცემაზე და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებაზე საუბარი არ ისურვა და განაცხადა, რომ „ამ საკითხის გადაწყვეტა საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფოებმა და ამ ორი ქვეყნის ეკლესიებმა უნდა მიხედონ."

 

„ჩემი ნებისმიერი განცხადება მხოლოდ ჩემი პირადი აზრია, მაგრამ არა სახელმწიფოებრივი პოზიცია. არსებობენ სპეციალური ორგანიზაციები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან უპასუხონ ასეთ კითხვებს“, - აღნიშნა ვ. კირაკოსიანმა და ახტალის სამონასტრო კომპლექსის შექმნის რადიკალურად საპირისპირო ამბავი გვიამბო, რომელიც მონასტრის მშენებლობას „ქალკედონელ სომხებს“ უკავშირებს.

 

„სომეხთა ბაგრატუნის დინასტიის წარმომადგენელმა, აშოტ III-ის ძემ გურგენმა X საუკუნეში ააგო ეკლესია, მისმა შვილიშვილმა მარიამმა კი XII საუკუნეში დააარსა აქ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტერი, რომელიც არაერთხელ გამხდარა იმ დროიდან სხვადასხვა ხალხის საკუთრება, მაგრამ ღვთის მადლით დღემდე აქ სომხური ეკლესია შემორჩა“, - განაცხადა ვ. კირაკოსიანმა.

 

რაც შეეხება მონასტერში არსებულ ფრესკებს, ქართულ წარწერებს და ქართულ სამარხებს, გრიგორიანელი მღვდლის ინტერპრეტაციით, „ეს ფრესკები ბიზანტიური სკოლის გავლენაა და დიდი რაოდენობით გვხვდება სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში და სომხეთში“.

 

„ახტალის მონასტერში დაკრძალულნი არიან არა ქართველი თავადები მელიქიშვილი და ბარათაშვილი, არამედ კეთილშობილი სომხები - მელიქიანები და ბარატოვები. საქართველოში საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავათ და საქართველოში პოზიციის გასამყარებლად, გვარებიც ქართულად გადაიკეთეს. მათი გარდაცვალების შემდეგ, რადგან სომხეთი დასუსტდა და არ გააჩნდა შესაბამისი ფინანსური რესურსი, მელიქიანებისა და ბარათოვების პანაშვიდი ქართულმა მხარემ მოაწყო იმ ტაძარში, რომელსაც მაშინ ფლობდა“, - განაცხადა კირაკოსიანმა.

 

მისი სიტყვებიდან გაირკვა, რომ უკვე ორი წელია ახტალაში ყოველდღიურად აღევლინება გრიგორიანული საღმრთო ლიტურგია და საღმრთო ლიტურგია ყოველ პარასკევს იმართება.

 

ახტალის მონასტრის მონახულების შემდეგ ქართული კულტურის კიდევ ერთი ძეგლს - ქობაირის მონასტერს ვესტუმრეთ, სადაც ერთადერთი ბილიკი გადის და ცუდ მდგომარეობაშია, თავად მონასტერი კი ნგრევის პირასაა. მონასტრიდან არც თუ ისე შორს გამაგრებული ნიშანი მნახველებს ეუბნება ქობაირის „სომხური წარმოშობის დეტალურ ისტორიას“.

 

ისტორიკოსი ელდარ ბუბულაშვილი ამბობს, რომ ქობაირის მონასტერი XIII საუკუნის შუა ხანებში შანშე მხარგრძელის მიერაა დაარსებული. სწორედ იმ პერიოდში ქობაირში აქტიურად მიმდინარეობდა მშენებლობა. მონასტერში განლაგებულია შანშე მხარგრძელთა ოჯახის წევრებისა და სხვა ცნობილი პიროვნებების საფლავები. მონასტერში მრავლადაა ქართული ქტიტორული წარწერა.

 

სომხურმა მხარემ ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად დაიწყო ქობაირში საკონსერვაციო სამუშაოები, კედლების გასამაგრებლად დამონტაჟდა ხის და ლითონის კონსტრუქციები, რამაც შეშფოთება გამოიწვია ქართველ ხელოვნებათმცოდნეებში, ისტორიკოსებსა და საქართველოს საპატრიარქოში, რომლის მიხედვითაც, „სომხებმა დაიწყეს საკონსერვაციო სამუშაოები პროექტის გაცნობის გარეშე.

 

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული დავითიანის მოძრაობის ხელმძღვანელი კოტე სვანაძე აცხადებს, რომ კობაირში დაწყებული სამუშაოები და ახტალის მონასტერში გრიგორიანული ღვთისმსახურების აღსრულება პირდაპირ არღვევს ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის დადებული ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, ღვთისმსახურება არ უნდა ჩატარდეს სადავო ეკლესიებში, სანამ არ გაირკვევა ყველა გარემოება.“

 

„ეს შეთანხმება სომხური მხარის მიერ ცალმხრივად დარღვეულია, რაც საქართველოს საპატრიარქოს დიდ შეშფოთებას იწვევს. ზემოაღნიშნულ მონასტრებთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია უცვლელია: მონასტრები, რომლებიც საქართველოს საკუთრება იყო, ისტორიულ მემკვიდრეს უნდა დაუბრუნდეს. აუცილებელია შეიქმნას კომისია, რომელიც დაადგენს, როგორ დაუბრუნონ კუთვნილი ტაძრები ქართულ და სომხურ ეკლესიებს. ამისათვის მზადყოფნას ორივე მხარე გამოთქვამს. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები დეტალებზე, კერძოდ, როგორ დაკომპლექტდება კომისია, მისი შემადგენლობა და როდის დაიწყებს მუშაობას“, - განაცხადა სვანაძემ.

 

ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების პროცესის გააქტიურებაზე „მრავალეროვანი საქართველოს“ ლიდერი არნოლდ სტეპანიანი ამბობს, რომ საქართველოსა და სომხეთის დაინტერესებული პირები, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სასულიერო პირები, პოლიტოლოგები და ექსპერტები არაფორმალურად ცვლიან მოსაზრებებს საკამათო საკითხებზე.

 

„უფრო კონკრეტულად, სომხურ მხარესთან საუბარია მის ტერიტორიაზე მდებარე სამ მონასტერზე (გუჯაბი, ქობაირი და ახტალა). გუჯაბსა და ახტალასთან დაკავშირებით, სომხურ მხარესთან გარკვეული შეთანხმება მიღწეულია. პარალელურად, ქართულ მხარესთან მიდის მოლაპარაკებები სომხური მხარისთვის ექვსი სომხური ეკლესიის გადაცემასა და აღდგენაზე“, - ამბობს ა. სტეპანიანი.

 

ალავერდის ვიცე-მერი არტურ კარაქიანი თავს კომპეტენტურად არ თვლის ეკლესიების ამა თუ იმ მხარეს გადაცემის საკითხში და ამბობს, რომ „ეს ისტორიკოსების საქმეა“.

 

„ამ საკითხში მაინცდამაინც ჩახედული არ ვარ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ სომხეთის ეკლესიები რესტავრაციის შემდეგ დარჩება ისეთივე, როგორიც ადრე იყო“, - განაცხადა ა. კარაკიანმა და აღნიშნა, რომ „დარწმუნებული ვარ ქართველებისა და სომხების მეგობრობაში."

 

კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე საქართველოსა და სომხეთს შორის სადავო ეკლესიების საკითხის ოპტიმალურ გადაწყვეტას ძეგლების საკუთრების დადგენაში ხედავს.

 

„პროცესი, მიუხედავად წინააღმდეგობებისა და რელიგიური ძეგლების გაცვლად წოდებული, პოზიტიურია ქართული საზოგადოებისთვის. გარდა რელიგიურისა, ამ ძეგლებს კულტურული სტატუსიც აქვთ. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ კარგი იქნება, თუ ორივე მხარე დაადგენს ძეგლების საკუთრებას. შესაბამისად, სომხეთის ტერიტორიაზე ქართული ძეგლების რესტავრაცია ქართველმა რესტავრატორებმა უნდა განახორციელონ და პირიქით, საქართველოს ტერიტორიაზე სომეხმა რესტავრატორებმა. ეს ძეგლები ისეთივე უნდა დარჩეს, როგორიც იყო, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე სომხური ძეგლები, რომლებზეც სახელმწიფო ზრუნავს და არა ისე, როგორც ახლა ხდება. ასევე აუცილებელია სომხეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურის ძეგლების დანიშვნა, რომლებსაც სომხეთის ხელისუფლება ქართველ სპეციალისტებთან ერთად უნდა მიხედოს. ეს საუკეთესო გამოსავალია, თორემ ეს კითხვა შეიძლება გაუთავებელი განხილვის საგანი დარჩეს. ტყუილად დაიკარგება ბევრი დრო და საქმე ადგილიდან არ დაიძვრება“, - განაცხადა მ. არეშიძემ და შეახსენა პრეცედენტს საქართველოსა და თურქეთს შორის სადავო ძეგლებთან დაკავშირებით.

 

„საკამათო ძეგლებთან დაკავშირებით საპატრიარქო, მთავრობა, ძეგლთა დაცვა სხვადასხვა პოზიციებს იკავებს. მ. არეშიძის თვალსაზრისით ამ საკითხთან დაკავშირებით ერთადერთი დადებითი ისაა, რომ ოშკი შეტანილია მსოფლიო კულტურის 100 ძეგლის სიაში, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს და მიღებული დოკუმენტი ავალდებულებს თურქეთს იზრუნოს ამ ძეგლებზე.

 

P.S. ახტალის მონასტრის ეზოში ამერიკიდან ჩამოსულ სომეხ მუსიკოსთა  ჯგუფმა რეპეტიცია გამართა. მათ გადაიღეს საქველმოქმედო ვიდეო, რის შემდეგაც აპირებენ მუსიკალური ტურნეს გამართვას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. კონცერტებით მიღებული შემოსავლით ჯგუფის მუსიკოსები იმ მონასტრების დახმარებას გეგმავენ, რომლებიც აღდგენას საჭიროებენ.

 

 

ნათია რუხაძე

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“.

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები