პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი - არსებული საფრთხეების პირობებში, ჩვენი პირველი ამოცანაა, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, საფრთხე არ შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის განვითარებას

25.05.23 10:40


ჩვენ დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს: ევროკავშირს აქვს დაწესებული სანქციები და ამ სანქციების გვერდის ავლა ხდება არა ქართული, არამედ ევროპული კომპანიების მხრიდან. ამაზე ღიად საუბრობენ უკვე ევროკავშირში, თუ როგორ უნდა მოახერხონ ეფექტიანად იმ სანქციების განხორციელება, რომელიც ევროკავშირს აქვს დაწესებული, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა, გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით თავიდანვე ნათელი იყო: მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა, ყველაფერს აკეთებს, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდების გზად არ იყოს გამოყენებული.


„ამ შემთხვევაში, საქართველოს პოზიცია არის პირველივე დღიდან ძალიან ცხადი, რომელსაც მივყვებით: ჩვენ არ ვუწესებთ რუსეთს სანქციებს, არ არის საქართველო დღეს იმ მდგომარეობაში, რომ ეს გააკეთოს, თუმცა, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს ტერიტორია არ იყოს გამოყენებული რუსეთისათვის დაწესებული სანქციების თავის არიდებისთვის და ამას საქართველო აკეთებს ერთმნიშვნელოვნად კარგად. შეიძლება ვიამაყოთ კიდეც იმით, რომ არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება, ეს აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებშიც, რომ არანაირი გვერდის ავლა სანქციებისთვის საქართველოს გავლით არ ხდება. ევროკავშირი რა ღონისძიებებს მიიღებს, დასავლეთი რა ქმედებებზე შეთანხმდება იმისათვის, რომ უზრუნველყონ დაწესებული სანქციების ეფექტიანი განხორციელება, ეს უკვე მიმდინარე პროცესია. შეიძლება მომავალში ვიხილოთ დამატებითი ნაბიჯები, რასაც ევროკავშირი გადადგამს, თუმცა, ჩვენთვის მთავარია, ჩვენ რას ვაკეთებთ, როგორ მოქმედებს ჩვენი სახელმწიფო ამ შემთხვევაში და ვაკეთებთ ყველაფერს მაქსიმალურად, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის, რომ არ დადგეს საფრთხე თუნდაც ერთი კომპანიისთვის სანქციების დაწესების“, - განმარტა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ უკრაინის გარდა, რომელიც ომის მდგომარეობაშია, არც ერთი სხვა ქვეყანა ევროპის მასშტაბით არ არის მიმდინარე ოკუპაციის ქვეშ და არც ერთი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არ დგას რუსეთის სამხედრო შენაერთები. შესაბამისად, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, პარტნიორებმა კარგად უნდა გაითავისონ საქართველოს მდგომარეობა.

 

მისივე თქმით, როცა ქვეყანა არც ნატოს წევრია და არც ევროკავშირის, არსებული საფრთხეების პირობებში უწევს მაქსიმალური სიფრთხილით იმოქმედოს, რათა სახელმწიფოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას.

 

„არავინ სთხოვს საქართველოს, რუსეთს დაუწესოს სანქციები, ასეთი რამ მე არ მომისმენია და არავის მოუთხოვია ასე პირდაპირ დახურულ კარს მიღმაც რომ ჩვენ სანქციები დავუწესოთ რუსეთს. მე მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები კარგად უნდა აცნობიერებდნენ იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც საქართველოა. დღეს ევროპაში არცერთი ქვეყანა არ არის, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, არც ერთი ქვეყანა არ არის, რომლის ტერიტორიაზეც არის რუსეთის სამხედრო შენაერთები - უკრაინაზე არ ვსაუბრობ, უკრაინა ომის პირობებშია - და რომელსაც არც ნატოს და არც ევროკავშირის ქუდი არ აქვს, რომლის ფარგლებშიც ის თამამად იმოქმედებდა. ასეთი საფრთხეების პირობებში, ჩვენი პირველი ამოცანაა, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდოთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რასაც მივიღებთ, რომ საფრთხე არ შევუქმნათ პირველ რიგში ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის განვითარებას.

 

მე არ ვიცი როგორ წარმოუდგენია ვინმეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა სტაბილურობის და უსაფრთხოების გარეშე. თუ ჩვენს ქვეყანაში არ იქნება სტაბილური განვითარების შესაძლებლობა, როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ გავხდეთ ევროკავშირთან თავსებადი ქვეყანა? - ეს საკითხი რატომღაც ჩვენს პოლიტიკურ დისკუსიებში გაქრა საერთოდ. რა არის ევროკავშირის წევრობა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ. როგორი სახელმწიფო უნდა იყოს საქართველო ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომ ევროკავშირის წევრობაზე ჰქონდეს პრეტენზია? - ეს საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია და ევროკავშირთან თავსებადობა სტაბილური განვითარების, უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელი იქნება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები